
„დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის „ტოპ 16" გუნდთან ერთად ასპარეზობას 2019 წლის 8-9 ოქტომბრიდან დაიწყებს. სწორედ, ამ ვადებში აქვს ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას ჩანიშნული, წყალბურთში, ევროპის ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ათვლის წერტილი. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართული კლუბი, ევროპის საკლუბო ტურნირში ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშე, პირდაპირ ძირითად ბადეში იასპარეზებს.
„პირდაპირ ჯგუფში ვხდებით 16 საუკეთესო კლუბს შორის. ორი, 8-გუნდიანი ჯგუფი იქნება და „სახლი-გასვლა" სისტემით ვითამაშებთ თვეში ერთხელ. უდიდესი გამოხცდილება იქნება ჩვენი კლუბისთვის და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრესტიჟი", - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში მიშა ბაღათურია, „დინამო თბილისის" წყალბურთელი.
ქართული კლუბი ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ითამაშებს. ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ, რამდენიმე დღის წინ ქართული გუნდისთვის და წყალბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო და შემოდგომიდან, ,,დინამო თბილისი'' ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, ევროპის „ტოპ 16" გუნდს შორის იასპარეზებს. წყალბურთელთა კლუბს ამ უფლების მოპოვებაში აქტიურად ეხმარებოდა საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირისთვის გაძლიერება დაიწო თბილისურმა გუნდმაც.
„ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამისთვის, რომ მიგვეღწია. ახლა, ანდრო ბითაძე ჩამოვიყვანეთ სერბეთიდან, ნიკა შუბლაძე მონტენეგროდან. დაგვემატებიან მარკო ელაჩა, ბორის ვაპენსკი და ფაბიო ბარალდი. ოქტომბრამდე, იგეგმება შეკრებებიც", - ამბობს მიშა ბაღათურია.
თუმცა, ოქტომბრამდე „დინამო თბილისის" წყალბურთელები, უკვე 5 აგვისტოდან, შეუდგებიან ახალი სეზონისთვის მზადებას. ჩვენი გვერდი, დინამოელთა მზადების შესახებ შეეცდება, სისტემატურად მოგაწოდოთ ინფორმაციები.

მასალაში გამოყენებულია თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები





ჩვენ








