ცინცა „ტორპედოდან“ წავიდა, თუმცა სად, ჯერ არ იცის
ცინცა „ტორპედოდან“ წავიდა, თუმცა სად, ჯერ არ იცის
28.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ევროპა თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს" ხელმღვანელობა უარყოფდა გუნდიდან მათე ცინცაძის წასვლის საკითხს, როგორც ჩანს ფეხბურთელსა და „ტორპედოს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. მას შემდეგ რაც, ცინცაძეს, კლუბთან დადებული კონტრაქტი ამოეწურა, მთელი რიგი ფეხბურთელების შემდეგ, იმერული კლუბი მათე ცინცაძემაც დატოვა.


დღეს, ფეხბურთელმა „ტორპედოს" გულშემატკივრებს სოციალური ქსელიდან მიმართა, ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.


„მოვიდა დრო "ტორპედოს" გულშემატკივარს დაგემშვიდობოთ, მაგრამ დამშვიდობებამდე მსურს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ დაუვიწყარი ერთი წლისთვის.


ამ ერთი წლის განმავლობაში იყო საქართველოს თასი, სუპერთასი, ევროპა ლიგის პლეი-ოფი... იყო შესანიშნავი ატმოსფერო გუნდში, რაშიც დიდი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვნის. მადლობა კახა ჩხეტიანს, რომლის როლიც ამ ყველაფერში განსაკუთრებულია. მადლობა ფანებს, ვის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი. და მადლობა გუნდელებს, ვისთან ერთადაც შევქმენით ის, რაც შევქმენით...


იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდეც შევხვდებით, იქამდე კი წარმატებებს გისურვებთ. მჯერა, "ტორპედო" ისევ ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც იყო! კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის," - წერს მათე ცინცაძე.


TSFF.GE დაუკავშირდა ფეხბურთელს და ბუნებრივია, მომავალი გეგმების შესახებაც შეეკითხა. ცინცაძე ამბობს, რომ თამაშს ის, უცხოეთში გააგრძელებს. ამ მომენტისთვის აქვს შემოთავაზება სამი ქვეყნის (ისრაელი, უნგრეთ და ყაზახეთი) კლუბიდან. თუმცა, კონკრეტულად თუ რომელ კუბში გააგრძელებს თამაშს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.