
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულიც დაიცვა, ჰამბურგის ღია პირველობის ჩემპიონობასთან და შესაბამისად შენარჩუნებულ 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად, და ATP-ს მესამე ტურნირი მოიგო.
„როდესაც რაღაცისთვის გაქვს მიღწეული, ხალხი შენგან უფრო მეტს ითხოვს. ყველა მწერს, ყველას უხარია. მე, სამშობლოდან დიდი მხარდაჭერა მქონდა და ეს უდიდესი გრძნობაა. მინდა მათ ქართულად მივმართო, დიდი მადლობა", - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი, ტურნირის დაჯილდოების ცერემონიაზე.
გამარჯვებისთვის ნიკას, ზვერევთან გამართული ½ ფინალისგან განსხვავებით, შედარებით ცოტა დრო დასჭირდა. წინა საასპარეზო დღისა და მატჩის მსგავსად, ქართველმა ჩოგბურთელმა ამ შეხვედრაშიც ბევრი წვრილმანი შეცდომა დაუშვა, რომელიც უფრო საფინალო მატჩისთვის დამახასიათებელი მღელვარება იყო. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, ქართველმა ჩოგბურთელმა სრული მობილიზება მოახერხა და სათუო მომენტებში აგრესიული თამაშით სასურველ შედეგს მიაღწია.
„მოხარული ვარ, რომ ორივე მატჩში (იგულისხმება ზვერევთან და რუბლიოვთან ჩატარებული თამაშები), მოვახერხე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სტაბილურობის შენარჩუნება და არ დავნებდი. მე მართლა მომწონს, აქაურ ცენტრალურ კორტზე თამაში. ბურთს ძალიან კარგად ვხედავ. აქ, ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვითამაშე და მომავალ წელს, დარწმუნებული ვარ დავბრუნდები", - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი რამდენიმე თავით ძლიერად გამოიყურებოდა რუსეთის წარმომადგენელ მეტოქეზე, ჰამბურგის როტენბაუმის ცენტრალურ კორტზე, მეორე სეტში ოდნავ თავადაც ინერვიულა და ქომაგებიც ანერვიულა. თუმცა, ეს იყო, ერთადერთი მომენტი, როდესაც ბასილაშვილმა თავს მოდუნების უფლება მისცა და სეტი წააგო. საბოლოოდ, ბასილაშვილმა გამარჯვება სამსეტიანი დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა 7-5 /4-6/ 6-3.
ამ ტურნირის მოგებით, გარდა იმისა, რომ სხვა უკვე ყველა ჩამოთვლილ მიღწევასთან ერთად, 27 წლის ქართველმა საპრიზო თანხის სახით 354,845 ევრო დაიმსახურა, ის 21-ე საუკუნეში მეორე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ჰამბურგის ღია პირველობის ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა.
„როგორც ჩანს, აქ ყველაზე კარგად გამომდის თამაში. მხოლოდ, ის რომ ჩემი სახელი (როჯერმა და ანდრეი მედვედევმა მოახერხეს აქ ტიტულის დაცვა), მეორე წერია, ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს ბასილაშვილი.
თავის მხრივ, რუბლიოვმა 300 სარეიტინგო ქულა და €178,220 დაისაკუთრა.
„გული მწყდება, რომ ფინალში გასულმა გამარჯვებას ვერ მივაღწიე. მინდა მივულოცო ნიკოს და ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო, ადამიანის მიმართ, რომელმაც მეორე წელი ზედიზედ, ჰამბურგის ტურნირის მოგება მოახერხა", - ამბობს ანდრეი რუბლიოვი, დაჯილდოების ცერემონიის დროს.
ბასილაშვილი 21-ე საუკუნეში, როჯერ ფედერერის შემდეგ, პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ჰამბურგის ტურნირის ტიტულის შენარჩუნება მოახერხა. საერთოდ კი, ტურნირის დაარსებიდან, 1968 წლიდან ზედიზედ ტურნირი, ბასილაშვილის ჩათვლით სულ 4 ჩოგბურთელს აქვს მოგებული - ედი დიბსს (1973-34), ანდრეი მედვედევისა (1994-95) და როჯერ ფედერერის (2004-05). შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ერთი წლის წინ, ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა.





ჩვენ








