
აზერბაიჯანული გაბალადან დაბრუნების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" დიღმის ბაზაზე, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩისთვის აგრძელებს მზადებას.
დინამოელთა რიგებში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება. გუნდში არის საბრძოლო და ამაღლებული განწყობა. გაბალაში, დასრულებული მატჩის შემდეგ, თბილისელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საპასუხო მატჩში მხოლოდ მოგებისთვის გამოვლენ მოედანზე.

ორრაუნდიან ბრძოლაში, რევანშის აღებას შეეცდება აზერბაიჯანული კლუბიც. რამდენიმე დღის წინ, გაბალაში გამართული მატჩის შემდეგ, „გაბალას" მწვრთნელმა განაცხადა:
„ჩვენს საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. ანალიზის შემდეგ ვიცოდით, რომ ფიზიკურად კარგად მომზადებულ გუნდთან გვქონდა საქმე. ეს ჩანდა მოედანზეც. გასვლაზე ჩვენ მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ. თქვენ ნახავთ უფრო ძლიერ და იმედის მომცემ „გაბალას", - განაცხადა მაშინ ზაურ ჰაშიმოვმა.
„გაბალა" თბილისში, ოთხშაბათს ჩამოვა და იმავე დღეს, „დინამო არენაზე" ივარჯიშებს. გუნდთან ერთად თბილისში ჩამოვა „გაბალას" ქართველი ლეგიონერი დავით ვოლკოვი, რომელზეც მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ზაურ ჰაშიმოვმა, ქართველი ფეხბურთელის შეცვლა, მის მიერ მიღებულ ტრავმას დააბრალა.

ჩვენი გვერდი დღეს დაუკავშირდა დავით ვოლკოვს, რომელმაც განაცხადა, რომ მას არანაირი ტრავმა არ მიუღია და ის, თბილისში გუნდთან ერთად ჩამოდის.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, „დინამო არენაზე" ორივე გუნდი ივარჯიშებს, ქართული და აზერბაიჯანული მედიისთვის კი, გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.

ამასობაში, უკვე დღეს, ცნობილი ხდება, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდს, ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 32 წლის პეტრი ვილიანენი იქნება, მას ასისტენტობას რიკუ ვირიოვუორი და მიკა ლამპუ გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დენის ანტამო იქნება.
მსაჯების დამკვირვებელი იანს ლარსენი იქნება დანიიდან. მატჩს დელეგატად კი უეფამ თბილისში მოლდოველი სერგეი ლისინსკი მოავლინა.
უეფა-ს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „დინამო თბილისსა" და „გაბალას" შორის, 1 აგვისტოს 21:00 დაიწყება. „დინამო არენაზე", მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, ონლაინ-რეჟიმის პარალელურად, დღეიდან, სტადიონის სალაროებშიც დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ბილეთები, სტადიონის სალაროებში, 1 აგვისტოს, „დინამო თბილისი" - „გაბალას" მატჩის პირველი ტაიმის ბოლომდე გაიყიდება. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა, 25 ივლისს, აზერბაიჯანულ „გაბალაში", „დინამო თბილისის" გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.
თამარ ჯიშკარიანის ფოტოები





ჩვენ








