მოდი დინამოზე
მოდი დინამოზე
31.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ხვალ, 1 აგვისტოს, თბილისის მეტრო ღამის 12 საათამდე იმუშავებს.  ამის შესახებ, სიტყვიერი განცხადება დღეს თბილისის მერმა და ყოფილმა დინამოელმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის მსვლელობისას გააკეთა.


გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში, 1 ივლისიდან, თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დედაქალაქის მეტროპოლიტენი შეზღუდული გრაფიკით მუშაობს,  თბილისში მიმდინარე, უეფა-ს ევროტურნირების მატჩებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა იკლო. აქედან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" თხოვნით მიმართა თბილისის მერიას, უეფა-ს ევროპა ლიგის 1 აგვისტოს მატჩის დღეს, დროებით მოეხსნა შეზღუდვა მეტროპოლიტენის მუშაობაზე.


შესაბამისად, 2019 წლის 1 აგვისტოს, მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს. ამავე დღეს, უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ


„ქალაქის მერიამ გაითვალისწინა რა ჩვენი კლუბის თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადაწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს გაბალასთან მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენი მხრიდან მადლობას ვუხდით ქალაქის მერს და მერიის სამხახურს", - ნათქვამია „დინამო თბილისის"  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა „დინამო თბილისსა" და აზერბაიჯანულ „გაბალას" შორის ხვალ, „დინამო არენაზე" 21.00 საათზე დაიწყება.


მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე „დინამო არენის" სალაროებში.  ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. „დინამო თბილისის" ინფორმაციით, 1 აგვისტოს, სალაროები, 1 ტაიმის დასრულებამდე იმუშავებს.


აქვე გეტყვით, რომ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" ქომაგების გადაწყვეტილებით, მე-18 სექტორში გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, „მაიასათვის" გადაირიცხება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ორი ძმა, დედის გადასარჩენად აგროვებს თანხას. აღნიშნულ ინფორმაციას, გამოეხმაურა „დინამო თბილისის" ქომაგთა კლუბი და ამ სახით გადაწყვიტა ძმების დახმარება.


 #FCDT #DINGAB #UEL #მოდიდინამოზე