„დინამო თბილისი“ საპასუხო მატჩისთვის ემზადება
„დინამო თბილისი“ საპასუხო მატჩისთვის ემზადება
31.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რთული თამაშის მოლოდინშია საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" აზერბაიჯანული „გაბალას" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩი ქართულმა კლუბმა გასვლაზე 0-2 მოიგო და ამით, საპასუხო მატჩის წინ, მცირედი კომფორტიც შეიქმნა, თბილისურ კლუბში იციან, რომ ყველა მატჩი განსხვავებულია და „დინამო თბილისს", 1 აგვისტოს, 21 საათზე, 90 წუთი კონცენტრირებული თამაში მოუწევს.

„ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, ძლიერი ფეხბურთელით და ისინი ხვალინდელ მატჩი მოინდომებენ. გავაგრძელებთ ძველი სქემითა და სისტემით, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემს ფეხბურთელებში. მეტოქეც საკმაოდ ძლიერი გუნდია.




რა თქმა უნდა, ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე წუთებიდან კონცენტრირებული ვიყოთ. ყველა გუნდს აქვს უნარი, რომ ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას და ამიტომ, ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ჩისკო მუნიოსმა, „დინამო თბილისის" მწვრთნელმა, „დინამო არენაზე" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად, იმისა რომ საკუთარი გუნდის წევრების სჯერა, ხვალინდელ მატჩში, „დინამო თბილისის" ლაი-აფში რამდენიმე ცვლილება მაინც იქნება. მაგალითად, 18 კაცში, რომელიც 1 აგვისტოს განაცხადში შევა მოხვდება მეჯუბი, თბილისელთა ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც გაბალაშიც იყო წასული, თუმცა 18 კაცში ვერ მოხვდა და რომელიც გუნდთან ერთად ემზადება.




„ყველა გუნდს მიაჩნია, რომ ძლიერია და შეუძლია მოგება. ჩვენ დიდ პატივს ვცემდით მეტოქეს პირველი წუთიდან და მაქსიმუმი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. ბევრად უკეთ ჩავატარეთ თამაში და შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, შედეგი სრულიად სამართლიანი იყო. ხვალაც, ასევე ვაპირებთ თამაშს და ვეცდებით ისევ გავიმარჯვოთ. პირველი მატჩის შემდეგ გასახდელშივე ვთქვით, რომ გადაწყვეტილი არაფერია და მოდუნების საშუალებას ზოგადად სპორტი არ გვაძლევს. ამის მაგალითი „საბურთალომაც" მოგვცა. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება", - აღნიშნა გიორგი პაპავამ.




მაშინ, როცა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ გითამაშია, მარცხი ცუდია. ეს იცის „დინამო თბილისის" მოწინააღმდეგე „გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა, სინან გურბანოვმა. ისიც იცის, რომ საპასუხო შეხვედრა მისი სიტყვებით გამოცდილ და კარგ გუნდთან ელოდება, თუმცა თბილისში გამარჯვებისთვის ჩამოვედითო.




„საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ჩვენზე მეტადაა მომზადებული. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებისთვისაც წინა თამაში პირველი იყო „გაბალას" მაისურით. ხვალ გველოდება რთული თამაში, რა თქმა უნდა, მოსაგებად ვართ ჩამოსულები და ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, რადგან მეტოქე გამოცდილია, მაგრამ გვინდა, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს. საკმაოდ ახალი გუნდი გვყავს, რადგან შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრმა ფეხბურთელმა დაგვტოვა. ჩავთვალეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიგვეცა შანსი. ვცდილობთ, გამოცდილი და ახლაგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი მოვახდინოთ და ვაჩვენოთ ის ფეხბურთი, რომელიც „გაბალას" ეკადრება", - ამბობს სინან გურბანოვი.




„დინამო თბილისისა" და „გაბალას" დაპირისპირების პირველი რაუნდი, შეგახსენებთ, თბილისურმა კლუბმა 0-2 მოიგო გასვლაზე. საპასუხო მატჩი კი, 1 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.  ისევე როგორც წინა მატჩების პრეს-კონფერენციებზე „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბი ურყევად ერთ პოზიციაზეა.

„დიახ, ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. ახლა ჩვენი გეგმები კონკრეტულად ამ თამაშს უკავშირდება, მაღალი შანსი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. „გაბალასთან" მატჩის შემდეგ კი „ლოკომოტივთან" მატჩზე დავიწყებთ ფიქრს", - ამბობს ჩისკო.




კონკრეტულად 1 აგვისტოს მატჩზე დასასწრები ბილეთები კი „დინამო არენას" სალაროებში, პირველი ტაიმის დასრულებამდე გაიყიდება. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

თამაშის შემდეგ კი, თბილისის მერიის გათვალისწინებით, ღამის 12:00-მდე იმუშავებს მეტრო და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტი.