
უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრის დაწყებამდე, თბილისში, „დინამო არენაზე", საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისი' პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ქართულ სპორტულ მედიას კლუბის ახალი გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე წარუდგინა.
„4 წლის წინ, მაშინ, როცა ზაზამ ფეხბურთის განვითარების ფონდი ჩაიბარა, მისი დასაქმება მეც მსურდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობა, რომ მას თავგზა აღარ ავურიე. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ზაზამ წარმატებული სამუშაო გასწია, საქმე პირნათლად შეასრულა, ფონდი მაღალ დონეზე აიყვანა", - აღნიშნა დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

„დინამო თბილისის" ახალი გენერალური დირექტორი წლების მანძილზე საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდში მუშაობდა. ამ დროის მანძილზე, ფონდმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. ზაზა დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ ფონდიდან მისი წასვლის შემდეგ, ფონდში მუშაობა გაგრძელდება და ეს წინასწარ დაანონსებული 2021 წლის შემდეგაც გაგრძელდება.
„ვფიქრობ „დინამო თბილისი", არის ის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია, გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნოს. ქართული კლუბებიდან ამ ფუნქციის შესრულება ყველაზე მეტად, სწორედ" დინამოს გამოუვა. აქ დასაქმება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. შევეცდები რომ ჩემი გამოცდილებითა და ხედვებით დინამოს საქმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადო. ჩვენი პრიორიტეტი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება იქნება, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. გვაქვს სერიოზული პროექტი, რომელსაც მომავალში წარმოგიდგენთ. თბილისის დინამო აღმავლობის გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, როცა ეს კლუბი ძველ დიდებას დაიბრუნებს, ქართული ფეხბურთის დონე გაცილებით ამაღლდება", - ამბობს ზაზა დოლიძე.
ბუნებრივია, „დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში, „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და „დინამო თბილსში" მიმდინარე მოვლენებზე, კლუბის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვეს. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს, თემატურად თანმიმდევრობით გთავაზობთ:

რომან ფიფია:
რა იყო...
7-8 წლის წინ ვთქვი, რომ „დინამო თბილისს" სჭირდებოდა ძლიერი აკადემია, რასაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ღიმილით შეხვდა. თუმცა, დღეს ჩვენი კლუბი ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა.
პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოში წლების წინ ახალი საფეხბურთო თაობა არ არსებობდა. „დინამოს აკადემიამ", ის როგორც შვილი ისე გააჩინა და აღზარდა. სწორედ, ამ აკადემიის დამსახურებით, მთავარმა გუნდმაც და მთლიანად ქართულმა ფეხბურთმა სერიოზული პროგრესი, რომ განიცადა. ჩვენმა აკადემიამ ისეთი ფეხბურთელები აღზარდა, როგორებიც ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, კვარაცხელია და სხვები არიან. დღესაც გვყავს ფეხბურთელები, რომელთა ხელიდან აცლასაც არაერთი გუნდი ცდილობს, მაგალითად ნინუა და კობოური. ვცდილობთ, ლევან შენგელიას შენარჩუნებასაც, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება, თუმცა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ევროტურნირებს ის „დინამო თბილისში" გაატარებს.
ჩვენ გვაქვს მიზანი რომლის მიღწევისკენ გეგმაზომიერად მივიწევთ. ვცდილობთ არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს, ახალ-ახალი პროექტებით წინ ვიაროთ.

ზაზა დოლიძე, „დინამო თბილისის" მრავალწლიანი გეგმის ნაწილი...
სწორედ, ამ გეგმის ნაწილია ზაზა დოლიძის ჩვენს გუნდში მოსვლა. უახლოეს პერიოდში უცხოეთში გამგზავრება მიწევს, სადაც დიდი დრო უნდა გავატარო. საქმეებთან ერთად, იქ სასამართლო პროცესები მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში ზაზა დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. ის არის ადამიანი, რომელიც თბილისის დინამოს ყველა მიმართულებას ჩაიბარებს და კლუბის გემს სწორი მიმართულებით წაიყვანს.
ადრე, მეუბნებოდნენ ეს ასე გავაკეთოდ, ის ისეო. მე ვიძახდი, რომ ზედმეტი ყურადღება არ იყო საჭირო. არ მიყვარდა ჩემს საქმეებზე ლაპარაკი. ახლა, დავინახე, რომ PR არის აუცილებელი. ამის გარეშე შეუძლებელია.

სასამართლოები და იქიდან მოსალოდნელი სარგო
სასამართლოს, ამას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, რადგან სიმართლე ერთია და ორი, სამი და ექვსი... და ის ჩვენს მხარესაა. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და როგორც კი, სამართლიანობა იზეიმებს, „დინამო თბილისის" ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება. შესაძლოა, ეს იყოს 15, 20 ან 25 მილიონი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბი ფინანსურ იმ დონეზე იქნება, რომ პრაქტიკულად ყოველ წელს მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს.

TSFF.GE მასალის დამზადებისას აღმოჩენილი დახმარებისთვის, მადლობას უხდის ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას ამირან შაიშმელაშვილს





ჩვენ








