
თბილისში, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის 1 აგვისტოს მატჩის დროს, თანაგუნდელთან შეტაკების შემდეგ დაშავდა „გაბალას" ხორვატი ფეხბურთელი ივიცა ზუნიჩი. ფეხბურთელთან, თავდაპირველად გუნდის ექიმები გავიდნენ, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით მასთან დასახმარებლად კიდევ ერთი ექიმი გავიდა. აზერბაიჯანული გუნდის ტრავმირებული მოთამაშის დასახმარებლად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი გავიდა მინდორზე.

ეს გარემოება, ბევრისთვის შესაძლოა ცოტა უცნაურადაც ჩანდა, იმის ფონზე, რომ იქვე იყო „დინამო თბილისის" სამედიცინო შტაბი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა, ახლა შევეცდებით რატომ მოუხდა ვარძუკაშვილს მოედანზე გასვლა და რა უფლებები ჰქონდა მას უეფა-ს მატჩის დროს.

უეფა-ს რეგულაციით, ყველა თამაშზე (როგორც საკლუბოზე, ასევე სანაკრებოზე), რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით ტარდება გუნდის ექიმებისა და სასწრაფო დახმარების გარდა, არის კიდევ ერთი რგოლი (ექიმი), რომელიც აღნიშნულ რეგულაციებში „ფიჩ საიდი" (Pitch Side / მოედნის დამხმარე) სახელით არის აღნიშნული. 90 წუთის მანძილზე, ეს არის ნეიტრალური ექიმი (იმ სამედიცინო აღჭურვილობით უმძიმეს ჩანთაში, მათ შორის ჟანგბადის „ბალონით" აღჭურვილი, რაც გუნდის ექიმებს უბრალოდ ჩანთაში არ აქვთ) გამონაკლისი ადამიანი, ვისაც საჭიროების შემთხვევაში, მთავარი მსაჯის დაუკითხავადაც კი, შეუძლია შევიდეს მინდორზე. მაგალითად, არის მომენტი, როდესაც ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, მაგრამ შეტევა გრძელდება და მსაჯი თვლის, რომ თამაში არ უნდა შეჩერდეს. თუმცა, ამ მომენტში „ფიჩ საიდი" აკვირდება ტრავმირებულ მოთამაშეს და იმ შემთხვევაში, თუკი ამჩნევს, რომ ფეხბურთელი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს და ექიმის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, ის უბრალოდ, ყოყმანის გარეშე უნდა შევიდეს მოედანზე და დაეხმაროს ფეხბურთელს.

„დინამო თბილისი" - „ გაბალას" მატჩის დროს, „დინამო არენაზე" ასეთი ექიმი იყო მერაბ ვარძუკაშვილი, თუმცა, მას ჰყავდა კიდევ ერთი დამხმარე, „დინამო თბილისის აკადემიისა" და ქალთა ეროვნული ნაკრების ექიმი გია ღვალაძე. სწორედ, გია ღვალაძეს მოუხდა პირდაპირ მოედნიდან, ქირურგიის ინსტიტუტში დაშავებული გაბალელი ხორვატის გადაყვანა. ვარძუკაშვილმა კი, მისია, თამაშის ბოლომდე გააგრძელა „დინამო არენაზე".

TSFF.GE-სთვის, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს მიუხედავად იმისა, რომ გონება არ ჰქონდა დაკარგული, „გაბალას" ექიმები ნიშადურს ასუნთქებდნენ და დიდი ალბათობით, თამაშის გაგრძელების უფლებასაც მისცემდნენ. ამ დროს, „ფიჩ საიდის" მოედანზე გასვლა, მსაჯმა ითხოვა. თამაში 2-3 წუთი შეჩერებული იყო და ივიცა ზუნიჩს პირველად დახმარებას უწევდნენ. მოგვიანებით, ფეხბურთელი, ჯერ მინდვრიდან სარბენ ბილიკზე გაიყვანეს, შემდეგ კი, რეანომობილით კლინიკაში, სადაც მას დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი ოპერაცია უტარდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ხორვატს, ქირურგიის ინსტიტუტში, ყბა-სახის ქირურგმა შოთა ლობჟანიძემ წარმატებით ჩაუტარა ინფორმაცია. ფეხბურთელს, ჩაშლილი ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტები მოაცილეს, გაუკეთეს კორექცია და ჩაუდგეს ფირფიტა. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და თბილისური კლინიკიდან მას 2-3 დღის მანძილზე გაწერენ. პირველადი დათვალიერებით, ფეხბურთელს ტვინის შერყევა არ აღენიშნება.
ინფორმაციისათვის, რამდენიმე თვის წინ, საქართველო-გიბრალტარის მატჩის დროს, „ფიჩ საიდი" „დინამო თბილისის" მთავარი ექიმი, დავით ხარაბაძე იყო.

სხვათა შორის, მატჩის დაწყებამდე, უეფა-ს დელეგატმა, სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადის ნახვისას, გაკვირვება გამოთქვა და მათი ამ რაოდენობით საჭიროების აუცილებლობაში ეჭვი შეიტანა. თუმცა, მოგვიანებით, ალბათ, თავადაც დარწმუნდა ამ მომსახურების აუცილებლობაში. აქვე თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადების ოპერატიული მუშაობა - ერთი ბრიგადა გასული არ იყო, რომ „დინამო არენაზე" კვლავ 2 გუნდი იყო მზად დასახმარებლად.
თამარ ჯიშკარიანის ფოტოები





ჩვენ








