„დინამო თბილისის“ სრული რევანში „გაბალასთან
„დინამო თბილისის“ სრული რევანში „გაბალასთან
01.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისმა" უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ორივე რაუნდი 5-0 მოიგო  და „გაბალასთან" აღებული სრული რევანშის შემდეგ, ახლა, „ფეიენოორდთან", 38 წლის წინ მოპოვებულის დასაცავად ემზადება. „დინამო არენაზე", დღეს, „გაბალასთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, ქართული მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში, „დინამო თბილისის" პრეზიდეტმა იმედი გამოთქვა, რომ „ფეიენოორდთან" დინამოელები ისე ითამაშებენ, რომ ძველი „დინამოს" ფეხბურთელებიც ნასიამოვნები დარჩნენ. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო და „ფეიენოორდთან" დაპირისპირება 8 აგვისტოს, როტერდამში, 15-ში თბილისში არის დაგეგმილი.


მანამდე კი, დღეს, „დინამო არენაზე" მოსული 25 ათასზე მეტი გულშემატკივარი, 68-ე წუთამდე თბილისელთაგან გოლს ელოდა.




„ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეხვედრა ჩაატარა. კიდევ ერთხელ მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა. ჩვენი გუნდისთვის ეს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული ფეხბურთელებისთვის მოტივაციისთვის არ გვითქვამს. უბრალოდ, ასე გვქონდა თავიდანვე დაგეგმილი. ის, რომ გოლი არ გაგვიშვია, გუნდური მუშაობის შედეგია. ჩვენი დავალება, რომ თავი გუნდურად და კომპაქტურად დავიცვათ", - ამბობს ფელის ვისენტე, „დინამო თბილისის" მწვრთნელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.




მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და საწყის წუთებში „გაბალას" კარი რამდენჯერმე გადაურჩა გოლს, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თბილისელები სტუმრებს  რიგ მომენტებში (განსაკუთრებით პირველ ტაიმში), ხელოვნურად,  ტერიტორიულ უპირატესობას უთმობდნენ. უფრო ზუსტად, ბურთის გათამაშებასა და გაკონტროლებას მინდვრის ცენტრში ცდილობდნენ და ავანტიურაში ახვევდნენ, რომელიც საბოლოოდ ისევ, „გაბალას" კარის იერიშებით მთავრდებოდა. ხშირი იყო შორი მანძილებიდან დარტყმებიც.


მატჩის შემდგომ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, „დინამო თბილისის" მიერ ბურთის ფლობის მაჩვენებელი 73-75 % იყო. თბილისელებმა კარის ჩარჩოში 11-ჯერ დაარტყეს. საერთო ჯამში, კარის მიმართულებით 22-ჯერ. დინამოელებმა 11-ჯერ მოაწოდეს კუთხური, აქედან დაკვირვებული გულშემატკივარი დააფიქსირებდა, რომ მეორე ტამში, „დინამო თბილისმა" ზედიზედ 4 კუთხური დარტყმა შეასრულა.



„მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც, ცალსახად გავიმეორებ, რომ „დინამო" ძალიან ძლიერი გუნდია. „გაბალა" კი, ამ ეტაპზე გადის რეორგანიზაციის ეტაპს და შესაბამისად, არაა ისეთ დონეზე მზად, როგორც საჭიროა. თუმცა, დღესაც შეიძლებოდა უფრო უკეთ გვეთამაშა. ვფიქრობ, ორივე მატჩში მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბიუჯეტში ცვლილებებია, გუნდშიც რეორგანიზაციაა და ამან ხარისხზე ბუნებრივია გავლენა იქონია", - ამბობს „გაბალას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზაურ ჰაშიმოვი.




მიუხედავად იმისა, რომ გაბალელთა მეკარემ, ანარ ნაზოროვმა ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, სასწაულები აკეთა და საკუთარი გუნდის კარი ბევრჯერ იხსნა გოლისგან, 68-ე წუთზე, ლევან შენგელიას უძლიერეს დარტყმას, ვეღარაფერი მოუხერხა. „დინამო თბილისი" 1-0 დაწინაურდა და რეალურად, აქ, თამაშიც შეეძლო დაესრულებინა. თუმცა, თბილისელები კვლავ უტევდნენ და შეხვედრის 88-ე წუთზე, კვლავ ლევან შენგელიამ, ცოტა კურიოზული გოლით, დუბლი გაიფორმა, 2-0. ეს ევროპის საკლუბო ტურნირებში ფეხბურთელის პირველი გოლები იყო.  




„შენგელიამ დღეს, ფანტასტიკური თამაში ჩაატარა და ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ, მომდევნო მატჩია, რომელიც კვირას „ლოკომოტივთან" გველოდება თბილისური დერბი. მერე კი „ფეიენოორდთან" თამაშზე გადავერთვებით. კარიკარისთან დაკავშირებით, ერთი შემიძლია ვთქვა -  ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება და ნელ-ნელა შედის ფორმაში. ჩვენც შესაფერის დროს ვაძლევთ, რომ გუნდთან ადაპტაცია მოახერხოს", - ამბობს ვისენტე.




კარიკარი კი, როგორც ჩანს ადაპტაციას „დინამო თბილისთან" ახერხებს. შეგახსენებთ, რომ გაბალაში გამართული მატჩის დროს, განელმა ფეხბურთელმა მოედანზე გამოსვლისთანავე, საგოლე გადაცემით მოამარაგა არფანგ დაფე. საშინაო შეხვედრაში, კი თავად გაიტანა სადებიუტო გოლი დინამოელთა მაისურით, თუმცა, გოლამდეც ერთი-ორჯერ ნაზიროვს სუნთქვა შეაკვრევინა. „გაბალასთან" ორრაუნდიან ციკლს, სწორედ, კვამე კარიკარიმ დაუსვა წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში,  3-0.




აღსანიშნავია, რომ მეორე თამაშში, „დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბმა ზუსტი ცვლილებები გააკეთა. ამდენად, ეს გარემოება, იმის სათქმელს გვაძლევს, რომ ისე, როგორც არასდროს ბოლო წლებში, „დინამო თბილისი" სათადარიგო სკამიანად, კარგად დაბალანსებული გუნდია, სადაც სასტარტო 11 ფეხბურთელში ძლიერი კონკურენციის ფონზე ხვდებიან და არც ერთს, სასტარტოში 100%-ით გარანტირებული ადგილი არა აქვს.




„ამ ორ დღეში გამოჩნდება იაშვილის ტრავმის სიმძიმე (იაშვილი, პახის ტკივლის გამო, პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს) და მოახერხებს თუ არა „ლოკომოტივთან" თამაშს. ვიცით, რომ აღნიშნულ მატჩში მძიმე ბრძოლა გვექნება, რადგან „ლოკომოტივი" ძლიერი გუნდია. ჩვენთვის ეს თამაში ეროვნული ლიგის ეგიდით ძალიან მნიშვნელოვანია და საბრძოლო შემადგენლობით თამაშს ვაპირებთ", - აღნიშნა ვისენტემ.




დინამოელები თბილისურ დერბის 4 აგვისტოს, მიხეილ მესხზე გამართავენ. სხვათა შორის „დინამო თბილისი", ევროტურნირებზე მოასპარეზე ერთადერთი ქართული კლუბია, რომლის თამაშის გადადებას, მოწინააღმდეგე გუნდი არ დასთანხმდა. თუმცა, ამით შესაძლოა კარგი საქმეც გაუკეთა, რადგან თბილისური დერბის შემდეგ, როტერდამში გასამართი დაპირისპირების წინ, „დინამო თბილისი" შესაბამის ტონუსში იქნება. ამას გარდა, ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში, თბილისელებს, ასეც და ისეც დატვირთულ რეჟიმში მოუწევთ ასპარეზობა.


„დინამო თბილისი": ხოსე პერალესი, ნოდარ იაშვილი (36'), ვიქტორ მონხილი,  დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა,  გიორგი კუხიანიძე, ნოდარ ქავთარაძე (69'), ლევან შენგელია, ლევან კუტალია (78')

შეცვლა: 36' გუჯა რუხაია, 69' არფანგ დაფე, 78' კვამე კარიკარი




გოლი: 68'/88'  ლევან შენგელია, 90'+3 კვამე კარიკარი

გაფრთხილება: 28' ვიქტორ მოხილი

მატის სტატისტიკა

 

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები