სერბეთი - საქართველოს ნაკრების ყოფილი და მომავალი
სერბეთი - საქართველოს ნაკრების ყოფილი და მომავალი
18.09.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სერბი იგორ კოკოშკოვი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მშობლიური სერბეთის იმ ნაკრებს ამარცხებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, გასვლაზე გვიმასპინძლებს.


„სლოვენიური კალათბურთისთვის დაუჯერებელი დღეა. ძალიან ამაყი ვარ იმ შრომით, რომელიც ბიჭებმა გაწიეს. ამით უამრავი ადამიანი გავახარეთ. არ გავაწბილეთ, ის ქომაგები, რომლებიც ბოლო დღეებში სტამბულში ათასობით ჩამოვიდნენ. ჩემპიონატის წინ არცერთხელ მითქვამს, რომ ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებდით. უბრალოდ, ვიცოდი, რომ შანსი გვექნებოდა და მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა.

ახლა, მთელი დიდება ბიჭებს ეკუთვნით. ეს მათი გუნდია, მე კი, უბრალოდ, მათ ნაცვლად რაღაც გადაწყვეტილებებს ვიღებდი. სლოვენიის კალათბურთის ფედერაციისგან და კონკრეტულად პრეზიდენტ რაშო ნესტეროვიჩისგან ყოველმხრივ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ვიცი, რომ ფინალს ქუინ სნაიდერიც უყურებდა. მოგეხსენებათ, ის "იუტა ჯაზის" მთავარი მწვრთნელი და ამავდროულად, ჩემი მეგობარია. მან მითხრა, რომ ფინალის შემდგომი პრესკონფერენციისთვის კარგად მოვმზადებულიყავი და რაიმე ჭკვიანური მეთქვა, თუმცა, ამგვარს არაფერს ვაპირებ...

ახლა, ზეიმის დროა და ღამე სწორედ, ამას ვგეგმავთ. ამ ბიჭებმა, სლოვენიელ ხალხს დღესასწაული აჩუქეს და მეც სიამაყის საბაბი მომცეს. დიახ, ამაყი და ამავდროულად, უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე - აქამდე. არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს. ხშირად ჩვენი აზრები განსხვავდებოდა, თუმცა, საერთო მიზნამდე ერთად მივედით" - ამბობს, იგორ კოკოშკოვი.



წარმოშობით სერბი კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა. სწორედ მან დაიწყო იმ გუნდის შენებაც, რომელმაც ევრობასკეტ 2017-ზე, უკვე ბერძენი ილიას ზუროსუს თავკაცობით იასპარეზა. კოკოშკოვის დროს, ქართველმა კალათბურთელებმა 3-ჯერ იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე და აქედან ერთხელ, 2015 წელს, ჯგუფიდან, ფინალურ ეტაპზე გასვლაც მოახერხეს. გემახსოვრებათ, 1/8 ფინალში ქართველები, ლიტვასთან დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

2015 წლის თამაშებს და კონკრეტულად ქართველთა სერბ მწვრთნელს, სლოვენიის დელეგაცია გულდასმით აკვირდებოდა. მაშინ, კერძო საუბრებში იგორ კოკოშკოვი აცხადებდა, რომ მას საქართველოდან წასვლა არ სურდა და განახევრებულ ხელფასზეც კი თანახმა იყო ემუშავა. თუმცა, ევრობასკეტ 2015-ის დასრულების შემდეგ, მას საქართველოს კალათბურთის შეცვლილმა ხელმძღვანელობამ (კოკოშკოვმა გუნდი ბესიკ ლიპარტელიანის პრეზიდენტობის დროს ჩაიბარა) კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. კოკოშკოვი კი თითქმის 4 წლიანი მცდელობების შემდეგ, სლოვენიელთა თხოვნას დასთანხმდა.

ევრობასკეტ 2017-ის ფინალში სლოვენიამ სერბეთს 93:85 ძალიან დაძაბულ ბრძოლაში სძლია და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ამ დღემდე, სლოვენიელებს ევროპის არც ერთი სინჯის მედალი არ ჰქონდათ მოგებული. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, მათ პირდაპირ ოქროს მედლები მოიგეს. კოკოშკოვი, რომელსაც ქართული საკალათბურთო „ოჯახის" ნაწილი სკოლის მასწავლებელს ადარებდა, ფინალური მატჩის მიწურულს, შესაძლოა, ბევრისთის გაუმართლებელ რისკეც კი წავიდა და ევრობასკეტის მომვალი MVP,  რომელსაც გადამწყვეტ მომენტში თამაში არ წაუვიდა, მოედნიდან გაიყვანა. "მაიამი ჰიტში" მოთამაშე დრაგიჩმა გადამწყვეტ მატჩში, სერბებთან, ამ კონკრეტულ მომენტამდე, შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ გუნდს 28:21 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. მთლიანად ტურნირზე კი, 27.8 წუთში საშუალოდ 22.6 ქულას, 4.4 მოხსნას და 5.1 გადაცემას აგროვებდა.

საბოლოოდ, სლოვენიის ნაკრების კაპიტანი,  31 წლის გამთამაშებელი, გორან დრაგიჩი ევრობასკეტ 2017-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ევრობასკეტ 2017-ის  საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: გორან დრაგიჩი, ლუკა დონჩიჩი (ორივე სლოვენია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ალექსეი შვედი (რუსეთი) და პაუ გასოლი (ესპანეთი).

 

 

 

Fiba.com -ის ფოტოები