
„ლივერპული", ახალი 2019-2020 წლების სეზონის სტარტზე, მეორე მეკარეს „კარგავს". სტამბულში, „ბეშიქთაშ ვადოფონ არენაზე" დასრულებული სუპერ თასის შემდეგ, ამ მატჩის გმირმა ადრიანმა კოჭის ტრავმა მიიღო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რამდენად ემოციური იყო ფეხბურთელი, გადამწყვეტი 11-მეტრიანის მოგერიების შემდეგ, მისი ეს ტრავმაც ლოგიკური იყო. სამწუხაროა, მხოლოდ ის გარემოება, რომ ტრავმის სერიოზულობიდან გამომდინარე, ადრიანს, შესაძლოა, პრემიერლიგის უახლოესი თამაშის გამოტოვება მოუწიოს. მის ადგილს კი, 20 წლის მეკარე კელეჰერი დაიკავებს.

„ადრიანი არა მხოლოდ კარგია მოედანზე, ის ლიდერია გასახდელშიც. შესვენებაზე, ის ჩემზე ხმამაღლა საუბრობდა. მან ეს გამარჯვება დაიმსახურა. მან, მთელი 120 წუთი ფანტასტიკურად ითამაშა და „სეივი" პენალტების სერიაში იყო დამაგვირგვინებელი. სად იყო ადრიანი, როცა „მანჩესტერ სითის" ვეთამაშებოდით რამდენიმე კვირის წინ? მეკარეების მწვრთნელმა მითხრა, რომ მას დროს სჭირდებოდა, რათა ფორმაში შესულიყო. მას არ ჰქონდა ეს დრო, მაგრამ მაინც შეძლო. მან დღეს, უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა. არ მახსოვს, ბოლოს, ოფიციალურ მატჩებში, როდის გამოვიდა მოედანზე, მაგრამ დღეს მან ჩინებულად ითამაშა", - აღნიშნა მატჩის შემდეგ იურგენ კლოპპმა.

2019 წელს, სუპერ თასების ისტორიაში, მერვედ დაინიშნა დამატებითი დრო, ხოლო 11-მეტრიანების სერია - მხოლოდ მეორედ. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში, ერთ-ერთი გუნდი სწორედ „ჩელსი" იყო და ინგლისელები, ორივე ჯერზე დამარცხდნენ. პირველად, 2013 წელს, „ბაიერნის" წინააღმდეგ, 5-4 და მეორედ უკვე, 2019 წელს, ამჯერად ინგლისურ „ლივერპულთან" იმავე ანგარიშით, 5-4. კიდევ ერთ საინტერესო დეტალი, ორივე შეხვედრაში, დამატებითი დროის შემდეგ, ანგარიში, 2-2 იყო.

ბუნებრივია, ისტორიის გამეორება, არ უნდოდა „ჩელსის". ამიტომ, პრემიერლიგაზე წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, სტამბულში, ლამპარდის გუნდმა თამაში, შეტევებით დაიწყო და პირველი გოლის გატანაც, პირველი ტაიმის შუაწელში პედრო როდრიგესს შეეძლო. თუმცა, 2019 წლის ფინალში ანგარიში 36-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, „ჩელსი" უკეთ გამოიყურებოდა.

„მიხარია, რომ ჩვენი კლუბი წარმატებებს აღწევს. ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს. მე ვნახე, თუ რას ნიშნავდა ბევრი ადამიანისთვის ჩვენს მიერ ლიგის მოგება. ეს დავინახე დღესაც. მატჩამდე, მილნერს და ჰენდერსონს ვკითხე, ხალხი ამ თასს როგორ უყურებდა და მათ მიპასუხეს, რომ ეს არის პრესტიჟული ტროფეი და ის გამოსახულია მელვუდის კედლებზე. ამიტომ სურვილი აქვთ, კიდევ ერთი მიამატონ. მაგარია. ჩვენ ამას ვაკეთებთ გულშემატკივრისთვის. ჩვენ 3-დან 2 ტროფეის მოგება შევძელით ბოლო თვეებში. ახლა, უნდა ახალი სიმაღლეებისკენ მიმავალი გზა მოვნახოთ", - ამბობს კლოპპი.

მეორე ტაიმის სტარტზევე, „ლივერპულმა" „ლურჯებს" ადგილი მიუთითა და წითელ ფერებში გამოწყობილმა „ბეშიქთაშ ვადაფონ არენამაც" ამოისუნთქა. 48-ე წუთზე გოლი სადიო მანემ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. მერსისაიდელებმა თანდათან განიმტკიცეს უპირატესობა, თუმცა, „ჩელსიც" ალაგ-ალაგ აჩენდა ხოლმე კბილებს. სხვათა შორის, მანე პირველი სენეგალელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სუპერთასის მატჩში მოახერხა გოლის კი არა, ერთბაშად ორი გოლის გატანა. მართალია, ამ გოლიდან ერთი დამატებითი დროის 95-ე წუთზე გაიტანა და პირველად, ამ შეხვედრაში „სკაუზერები" დააწინაურა. მანე, სუპერ თასების ისტორიაში მე-7 ფეხბურთელია, ვინც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, მოგვიანებით მანე ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

თუმცა, კვლავ თამაშს დავუბრუნდეთ და „ლივერპულელთა" სიხარულს, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდა და პირველი დამატებითი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, იმავე ადრიანმა, რომელმაც თითქმის ნახევარი საათის შემდეგ გადამწყვეტი პენალტს მოიგერიებს, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა აიკიდა. ამჯერად, ამ თამაშში ანგარიში ჟორჟინიომ გაათანაბრა. მეორე დამატებითი 15 წუთიანი უგოლოდ დასრულდა და ჯერი 11-მეტრიანებზე მიდგა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. აქ კი, ნერვები უფრო მყარი „ლივერპულს" აღმოაჩნდა და პენალტების სერიაში 5-4 გაიმარჯვა.

„მგონია, რომ დღეს, მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ სადღაც არ გაგვიმართლა, სადღაც ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ მომენტების უკეთ რეალიზება. თუმცა, მაინც მიხარია და ვამაყობ, იმ თამაშით რაც დღეს ვაჩვენეთ. ჩვენ გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა", - ამბობს ფრენკ ლამპარდი.
მცირე სტატისტიკა საკმაოდ გრძელი ჩამონათვალიდან
უეფა-ს სუპერ თასი 2019 წელს სტამბულში 44-ედ ჩატარდა. აქედან 24-ჯერ ტროფეის ევროპის ჩემპიონთა თასის /ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა, ხოლო დარჩენილი 20-დან, მას შემდეგ, რაც თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, 8-ჯერ სუპერ თასს, უეფას თასის / ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდები იგებენ.

გამარჯვებულები ქვეყნების მიხედვით:
ესპანეთი (ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა 15-ჯერ მოიგეს სუპერ თასი) - ბარსელონა 5, რეალი 4, ატლეტიკო 3, ვალენსია 2, სევილია 1
იტალია (9 მოგება), მილანი 5, იუვენტუსი, 2, ლაციო 1, პარმა 1
ინგლისი (7 მოგება), ლივერპული 4, ასტონ ვილა 1, მანჩესტერ იუნატედი 1, ნოტონგემ ფორესტი 1, ჩელსი 1

მსაჯობის შესახებ:
მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში, პირველად არა მხოლოდ სუპერ თასების ისტორიაში, არამედ უეფას ვაჟთა საკლუბო ტურნირების ისტორიაშიც გადამწყვეტ მატჩში ქალ მსაჯთა ბრიგადამ იმსაჯა. 35 წლის სტეფანი ფრაპარდი, მართლაც არაა პირველი ქალი, რომელიც უეფა-ს ტურნირებზე იმსაჯა/ ეს პატივი, 2004-2009 წლებში ნიკოლ პეტიგნატს ჰქონდა, რომელმაც უეფას 3 საკვალიფიკაციო მატჩზე იმსაჯა. თუმცა, უეფა-ს სუპერ თასის შეხვედრა, ქალმა პირველად განსაჯა.

„თამაშის შემდეგ მათ ვუთხარი, რომ ჩვენ ისე, რიმ გვეთამაშა, როგორც მათ იმსაჯეს, მაშინ 6-0 უნდა მოგვეგოო. მსაჯებმა ამოცანას თავი, მშვენივრად გაართვეს. ეს იყო ისტორიული მომენტი. ალბათ, გრძნობდნენ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო მათ მხრებზე, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც უნდა ეკეთებინათ. სტეფანი ფრაპარდს, ძალიან დიდ პატივს ვცემ" - ამბობს იურგენ კლოპპი.

სპეციალურად სტამბულიდან -
თამარ ჯიშკარიანის ფოტოები





ჩვენ








