სიკეთე გადამდებია, ეს შეგიძლია შენც...
სიკეთე გადამდებია, ეს შეგიძლია შენც...
16.08.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

სტამბულში, 14 აგვისტოს ჩატარებულ სუპერ თასის მატჩის გახსნაზე, ფეხბურთის მოყვარულმა შშმ ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. უეფას ბავშვთა ფონდისა და ფინალისტი კლუბების, „ჩელსისა" და „ლივერპულის" წყალობით პატარებმა, ოცნება აიხდინეს და ორი კლუბის ვარსკვლავებს შეხვდნენ.

თამაშის დღეს,  „ბეშიქთაშ პარკზე", უშუალოდ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის გარდა, მათ საშუალება ჰქონდათ, წინა დღით გუნდების ვარჯიშის სესიების დროს, შეხვედროდნენ, გასაუბრებოდნენ და ფეხბურთიც კი ეთამაშათ „ჩელსისა" და „ლივერპულის" ვარსკვლავებთან.




უეფა-ს ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ „ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ. თურქ ამპუტანტ ფეხბურთელს აგიტ სიარს „დაუმეგობრდა", რომელმაც „ჩელსის" ვარსკვლავს ფეხბურთისადმი მისი სიყვარულისა და სამომავლო მიზნების შესახებ უამბო.

„ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ჩემი ოცნებაა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდე, ვითამაშო სხვადასხვა ტურნირებზე და  ჩემს ქვეყანას წარმატება მოვუტანო. იყო შშმ პირი, ან ამპუტანტი, სულაც არაა დაბრკოლება. ეს სულაც არ გიშლის იმ საქმეების კეთებაში ხელს, რაც გიყვარს.. მთავარია არ დანებდე", - უთხრა ჟირუს, სიარმა, რომელიც დაბადებიდან შშმ პირია.

„ისიამოვნე მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშით. გააგრძელე შენი ოცნებისკენ სვლა და როგორც აღნიშნე, არასდროს დანებდე.  განვითარების გზაზე  3 სიტყვაა, რომელიც არასდროს მავიწყდება - შრომა, პატივისცემა და თავმდაბლობა. თუ ეს სამი რამ გაგაჩნია ყველაფერს შეძლებ",  - ურჩია ოლივიე ჟირუმ პატარას.




„ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა კი, დრო ასევე ახალგაზრდა ამპუტანტ ფეხბურთელ ემირჰან კარგაჯთან ერთად გაატარა, რომელიც 11 წლის ასაკში გადატანილი საგზაო შემთხვევის შემდეგ დაინვალიდდა.  ემირჰანმა, ვირჯილს მოუყვა, რომ ყველაფრის მიუხედავად თვლის რომ ცხოვრება მშვენიერია და ამ შემთხვევის შემდეგ ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებს.

„ვოცნებობ, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და  7 ნომრიანი მაისურის ტარებაზე. კიდევ, თურქეთისთვის ბევრი ჯილდოს მოტანაზე", - გაუმხილა ოცნება ემირჰანმა.

„გჯეროდეს! ისიამოვნე! მიყევი შენ ოცნებას და არავის მისცე საშუალება გითხრას რომ ამ მიზნის  მიღწევა შეუძლებელია"- ურჩია ვან დეიკმა.




უეფას ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის ორივე კლუბს მათი მხარდაჭერისთვის და ახალგაზრდებისთვის ბედნიერების მინიჭებისთვის. „მათმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთი არავის ტოვებს მიღმა.  ეს  არის ინტეგრაციის, სოლიდარობის და იმედის ძლიერი მესიჯი", - ნათქვამია უეფას ბავშვთა ფონდის განცხადებაში.

უეფას პრეზიდენტის განცხადებით „ჩვენ პატივს ვცემთ ყველა შშმ ბავშვს, რომელიც აქტიურადაა ჩართული  როგორც ფეხბურთში, ასევე სპორტის სხვა სახეობებში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალგაზრდები სხვა ბევრ ახალგაზრდასაც მისცემენ მოტივაციას და მათ მაგალითს ბევრი გაჰყვება.  სწორედ ასეთი მომენტებით იცვლება გარემო".




14 აგვისტოს, სტამბულში, უეფა-ს სუპერ თასის გათამაშების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა 50-მდე შშმ ბავშვმა მიიღო.







მასალა მომზადებულია UEFA.COM -ის მიხედვით

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები