ქალთა შორის საქართველოს თასი წელს პირველად ტარდება
ქალთა შორის საქართველოს თასი წელს პირველად ტარდება
18.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა  საფეხბურთო ლიგაზე დიდი შესვენება სექტემბრის პირველ დეკადაში დასრულდება. თუმცა, მანამდე პირველად, ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, 10-დან 23 აგვისტოს ჩათვლით, გოგონათა გუნდები საქართველოს თასისთვისაც იბრძოლებენ. საქართველოს თასის გათამაშება, ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, თუმცა, მისი ჩატარების ვადად ქალთა ლიგის გათამაშების დასასრულის შემდგომი პერიოდი, შემოდგომა სახელდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თხოვნით გეგმები ოდნავ შეიცვალა და ქალთა შორის თასის გათამაშებამ, შემოდგომიდან, სწორედ, აგვისტოში გადმოიწია. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, ამის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში იწყებს გამოსვლას და ნაკრების კანდიდატი ფეხბურთელები, მწვრთნელებს, ოპტიმალურ ფომაში უნდათ ნახონ.

ქალთა შორის საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში, ქალთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდები ასპარეზობენ. პირველი გათამაშების დებულების თანახმად, მიმდინარე ჩემპიონატის 1 და 2 ადგილზე მყოფი ორი გუნდი - თბილისის „ნიკე" და ლანჩხუთის „ლანჩხუთი"  გათამაშებაში ½ ფინალებიდან ჩაებმებიან. ½ ფინალები 19 აგვისტოს, თბილისსა და ლანჩხუთში გაიმართება.

მანამდე კი, ვაჟთა შორის თასის გათამაშების ანალოგიურად, გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებებში, ჯერ ¼ ფინალში, შემდეგ კი, მცირე ½  შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველი მატჩები 10 აგვისტოს გაიმართა.

,,მართვე"  ქუთაისი - ,,ზარზმა"  ადიგენი 2 - 1

,,კოლხეთი" ხობი - ,,ივერია" ხაშური   5 -1

„გორი იუნაიტედი" გორი - „სამეგრელო" ჩხოროწყუ

„ნორჩი დინამო" თბილისი - „დინამო" ბათუმი

აღსანიშნავია, რომ გათამაშების ამ ეტაპზე, ორი გუნდი, „სამეგრელო" და „ჩხოროწყუ"  თამაშზე არ გამოცხადნენ და შესაბამისად მათ, ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.  გათამაშების მომდევნო ეტაპზე კი „მართვესთან" და „კოლხეთთან" ერთად, „გორი იუნაიტედი" და „ნორჩი დინამო გავიდნენ"

14 აგვისტოს, მცირე ½ ფინალები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად ქუთაისის „ტორპედოს" ბაზაზე, საქართველოს 2-გზის და პირველი ჩემპიონი „გორი იუნაიტედთან" დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით, 2-3 დამარცხდა.  შესაბამისად, „მართვე" 2019 წლის სეზონზე, მხოლოდ ვერცხლის მედლებისთვისღა თუ იბრძოლებს, რადგან გათამაშების ლიდერებს, დარჩენილ 3 ტურში, ის უკვე ვეღარ გადაუსწრებს.

მეორე შეხვედრაში, „ნორჩმა დინამომ" მარტივად მოახერხა ხობის „კოლხეთის" დამარცხება, ანგარიშით 4-1 და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.




½ ფინალებში „ლანჩუხთი" - „გორი იუნაიტედს" დაუწყვილდა და დიდი ალბათობით, ამ გუნდის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. მითუმეტეს, რომ ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, გურულებს ორივე შეხვედრა, ერთნაირი ანგარიშით 7-1 მოიგეს.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გათამაშებაში, „ნიკეს" ორივე ურთიერთშეხვედრა მოგებული აქვს „ნორჩ დინამოსთან" (1-0 და 0-3), თბილისური დერბი, რომელიც სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიმართება, წესით და რიგით დაძაბული უნდა იყოს.

საქართველოს თასის გათამაშების ფინალური მატჩი კი 23 აგვისტოს ჩატარდება.