
დღეს, თბილისსა და ლანჩხუთში, ქალთა შორის საქართველოს საფეხბურთო თასის გათამაშების ½ ფინალური მატჩები გაიმართა. ლანჩხუთში, ადგილობრივი გუნდი, „გორი იუნაიტედს" დაუპირისპირდა და ისევე, როგორც 2019 წლის საფეხბურთო სეზონზე, ქალთა ლიგის ორივე მატჩში, ამჯერადაც, ანალოგიური ანგარიშით, 7-1 გაიმარჯვა და თასის გათამაშების ფინალში გავიდა.

ფინალში კი, ლანჩხუთელების მეტოქე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ნიკე" იქნება. „ნიკე" სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" დღეს, თანაქალაქელებს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ „ნიკესა" და „ნორჩი დინამოს" შეხვედრები, ქალთა ლიგის კალენდარულ დღეებში, დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა და „ლანჩხუთის" შემდეგ, „ნორჩი დინამოა" სწორედ ის გუნდია, რომელთანაც ჩემპიონმა ერთ თამაშში, 3-ზე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ისევე, როგორც, ქალთა ლიგის გათამაშებისას, სათასო თბილისური დერბიც დაძაბული გამოდგა. თუმცა, მომენტები, განსაკუთრებით კი, მატჩის მიწურულს, „ნიკეს" უფრო მეტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მატჩის ძირითადი დრო, ფრედ 0-0 დასრულდა. ქალთა გათამაშების დებულების თანახმად, გოგონები დამატებით ტაიმებს არ თამაშობენ. ამიტომ, დაინიშნა პირდაპირ თერთმეტმეტრიანები, რომელთა ბედიც გაფუჭებულმა დარტყმამ გადაწყვიტა. ამ დუელში კი, ნერვებმა „ნორჩ დინამოს" უმტყუნა და პენალტების სერიაში მიღწეული გამარჯვების შემდეგ, ანგარიშით 7-6, ფინალში თამაშის უფლება „ნიკემ" მოიპოვა.

საქართველოს თასის გათამაშებაში „ნიკესა" და „ლანჩხუთის" დაპირისპირება 23 აგვისტოს, თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ქვეყნის რიგით მე-4 ჩემპიონატის პირველი ადგილისთვის სწორედ, ეს ორი გუნდი იბრძვის და დიდი ალბათობით, 2019 წლის ქვეყნის ჩემპიონის ვინაობაც, სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებისას, ბოლოსწინა ტურში გაირკვევა.

შესაბამისად, სათასო ფინალშიც, აღნიშნული გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული იქნება და ჩემპიონატის დასრულებამდე, 2019 წლის საუკეთესოსთვის ბრძოლაში, ორიდან ერთ-ერთი პირველად, საქართველოს ქალთა ფეხბურთს ისტორიაში, ქვეყნის თასის მფლობელი გახდება.





ჩვენ








