
19 სექტემბერს საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო", მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ევროპულ საკლუბო ტურნირებს დაუბრუნდება. ქართველი კალათბურთელები, ევროპის ჩემპიონთა ლიგის (BCL) პირველ შეხვედრაში, კატალონიურ „ჰუვენტუტი ბადალონა"-ს უმასპინძლებენ. განმეორებით თამაშს, კი 21 სექტემბერს, უკვე ესპანეთში გამართავენ. ამ თამაშებში, დინამოელთა შორის იქნება ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც კარგა ხანია საკლუბო კარიერას საქართველოს ფარგლებს გარეთ იწყობს. თუმცა ნიკა, ბოლო წლების მანძილზე, არც ეროვნული ნაკრების რიგებში გამოჩენილა.
BCL-ის მატჩამდე, ცქიტიშვილმა გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიში, თბილისის სპორტის სასახლეში ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც TSFF.GE-ს რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა:
"ბურთი მრგვალია, თამაში კი კალათბურთი. ამიტომ, შანსებზე ლაპარაკიდან თავს შევიკავებ. ყველა კალათბურთელს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ მოიგოს. რა თქმა უნდა, განსხვავებაა იმ ჩემპიონატებს შორის, რასაც ვთამაშობთ. ის ესპანეთის ლიგის წარმომადგენელია, ჩვენ კიდევ, საქართველოს პირველობას ვთამაშობთ და ჩვენს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ შანსები არის. ალბათ, გუნდს, ცოტა ადრე რომ დაგვეწყო ერთად მომზადება, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ახლაც ნორმალურ ფორმაში ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ",- ამბობს ნიკოლოზ ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ცქიტიშვილი, 2016 წლის აპრილიდან ჯერ, ირანულ საკალათბურთო ლიგაზე - თეირანის „ჩემიდორის" ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს ბაჰრეინის „მანამაში" ირიცხებოდა. კალათბურთელი არ მალავს, რომ კარიერის გაგრძელებას ისევ აზიაში აპირებს, სადაც ჩემპიონატები შუა შემოდგომით, ნოემბრისკენ იწყება. "დინამოსთან" ერთად ევროპის საკლუბო ტურნირზე თამაშიც, მისთვი ამ კუთხითაც სასარგებლო იქნება.
„ბოლო 6 წელია გეზი არაბეთისკენ და აზიისკენ მაქვს მიმართული. „დინამოში" დარჩენას არ ვაპირებ. უბრალოდ, იქ სეზონი ნოემბერში იწყება. მე კიდევ, დიდი სურვილი მქონდა საქართველოში, ჩემს მეგობრებს დავხმარებოდი. თან, ეს მეც დამეხმარება, რადგან ახალ სეზონს მომზადებული შევხვდები", - ამბობს ცქიტიშვილი.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ცქიტიშვილის გეგმები ისევ შეიცვალოს, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხვალინდელ თამაშს, ერთ-ერთი ევროპული კლუბიდანაც დაეწსრებიან წარმომადგენლები და სავარაუდოდ, კალათბურთელთანაც გამართავენ მოლაპარაკებას.

არც ისაა გამორიცხული, რომ რამდენმე წლიანი შესვენების შემდეგ ცქიტიშვილი ეროვნულ ნაკრებსაც დაუბრუნდეს. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც სანაკრებო კალათბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ, ანატოლი ბოისამ და გიორგი ცინცაძემ (ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს), ზუროსს, მომდგარი მსოფლიოს 2019-ის საკვალიფიკაციო თამაშებში, ნამდვილად დასჭირდება გამოცდიი კადრები.
"ვიდრე თამაშობ, შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება, ყველას ოცნებაა. შარშან, მქონდა შემოთავაზება, რასაც ძალიან ვაფასებ ზუროსის მხრიდან. 5 წლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ეს ერთგვარი რეაბილიტაციაც იყო, მაგრამ ამ ხუთი წლის მანძილზე, ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ შეიცვალა, რომ კარიერაში სხვა მიზნები დავისახე. ისე მოხდა, რომ შარშან „ჰიუსტონში" უნდა წავსულიყავი საცდელ სამწვრთნელო კურსებზე გამოცდილების მისაღებად. ჩემმა მეგობარმა მაიკ დ'ანტონიმ, დამპატიჟა. ის "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელია. ამაზე, უარის თქმა არ შემეძლო, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა მაქვს არჩეული. ეს იქნება, ჩემი შემდეგი ნაბიჯი კალათბურთის სფეროში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზუროსსაც ავუხსენი. თუმცა, როგორც ჩანს, ეწყინა და წელს აღარ გამომიძახა, თუ არ ვცდები ამ მიზეზის გამო. თუმცა, სამომავლოდ, გამოძახების შემთხვევაში ნაკრებში თამაშის სურვილი მაქვს".

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების მანძილზე, როდესაც ეროვნული საკალთბურთო ნაკრების სათავეში იგორ კოკოშკოვი იყო, ნიკოლოზ ცქიტიშვილს გუნდში აღარ დაუძახეს. კალათბურთელი დღესაც აცხადებს, რომ კოკოშკოვთან პირადი უსიამოვნება არასდროს ჰქონია. საკალათბურთო წრეებში, მთელი ეს პერიოდი ცქიტიშვილის ნაკრებში არგამოძხების სხვადასხვა ვერსია მუსირებდა, რაც არაა გამორიცხული უფრო სიმართლე იყოს, ვიდრე ჭორი. ასეა თუ ისე, „ტაიმ-აუტის" შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, კვლავ საქართველოშია და ხვალ, სპორტის სასახლეში ქართველი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებს.
თბილისის „დინამოსა" და კატალონიური „ჰუვენტუტი ბადალონა"-ს შეხვედრა, 19 სექტემბერს, 19 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.






ჩვენ








