
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, პირველად, საქართველოს თასი გათამაშდა. ფინალში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ნიკე" და ლანჩხუთის „ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ. ის, რომ ფინალური მატჩი დაძაბული იქნებოდა, თუნდაც, ის გარემოება მეტყველებდა, რომ ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში, რომლის დასრულებამდეც, მხოლოდ 3 ტური დარჩა „ნიკე" და „ლანჩხუთი" მთელი სეზონია 1-2 ადგილზე არიან. ამ ორი გუნდის დუელში, წინ, სახლში მოგებული თამაშის და 3-ით მეტი ქულის ხარჯზე თბილისელები არიან. თუმცა, ქვეყნის ჩემპიონის ბედი, დიდი ალბათობით ამ გუნდების საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.


თუმცა, საჩემპიონო თამაშამდე, „ნიკე" და „ლანჩხუთი" სათასო ფინალში დაუპირისპირდნენ. „ნიკე", რომელმაც აგვისტოს დასაწყისში, სლოვენიაში, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, თბილისში, სათასო შეხვედრის ½ ფინალში, საკმაოდ დაღლილად გამოიყურებოდა. გუნდს, არ მისდიოდა თამაში შეტევაში და დაცვით ხაზშიც ბევრი წვრილმანი შეცდომა ჰქონდათ. საბოლოოდ, „ნორჩ დინამოსთან" დაპირისპირებიდან, ფინალში „ნიკე" 11-მეტრიანების შემდეგ გავიდა.

„ნიკესაგან" განსხვავებით, თასის გათამაშებას, უფრო მობილიზებული შეხვდნენ გურულები. ეროვნულ ლიგაზე, შესვენებამდე რამდენიმე ტურით ადრე, გუნდი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებით შეივსო. რამდენიმედღიანი შესვენება კი, „ლანჩხუთმა" მოსამზადებლად კარგად გამოიყენა და ½ ფინალში „გორი იუნაიტედი" 7-1 დაამარცხა.

სწორედ, ამ გადმოსახედიდან, ნათელი იყო, რომ სათასო ფინალი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იქნებოდა. თუმცა, კონკრეტულად ჩვენი გვერდის შეფასებით, მცირედი უპირატესობა „ლანჩხუთს" ექნებოდა. შეხვედრის დაწყებისთანავე ჩვენი პროგნოზები გამართლდა. თამაშმა, მესხი 2-ზე მოსული გულშემატკივრის დიდი ნაწილისთვის საკმაოდ მაღალ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. ამ მატჩში, ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გაიხსნა. ქალთა ლიგის გათამაშების ერთ-ერთმა გოლეადორმა, თამრიკო სალუქვაძემ, კარგად შენიშნა კარიდან შორს გამოსული „ნიკეს" მეკარე კატერინა მიკლოშევიჩი და შორი მანძილიდან ბურთ თავზე გადაუგდო, 0-1.

„ლანჩხუთმა" ანგარიში მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე გაზარდა. გოლი, 54-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნინო გუჯაბიძემ გაიტანა, 0-2. თუმცა, აღნიშნულმა მომენტმა „ნიკეს" სათადარიგო სკამზე აღშფოთება გამოიწვია, რაც საბოლოოდ, თბილისელთა მთავარი მწვრთნელის გივი კვარაცხელიას მოედნიდან გაძევებით დასრულდა. ბუნებრივია, მომენტს მსაჯები აკონტროლებდნენ და მათი გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა, ჩვენი ვებ-გვერდის აზრით, გოლამდე, მეკარეზე თავდასხმა იყო და აქ, მსაჯებს თამაში უნდა გაეჩერებინათ. თუმცა...


ამ მომენტმა, თამაშის დაძაბულობა კიდევ უფრო დაამძიმა. ორივე გუნდის მხრიდან, იმატა უხეშობამ და შეხვედრის არბიტრს, ალეკო აფციაურს, 73-ე წუთზე, წითელი ბარათის ჩვენება და მოედნიდან „ნიკეს" მოთამაშის, ლალო ბაბაიანის გაძევება მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ „ნიკე" დარჩენილი დრო მთავარი მწვრთნელისა და ერთი მოთამაშის გარეშე ჩაატარა, ისევე, როგორც პირველ ტაიმში, მეორე ტაიმის მიწურულსაც გააქტიურდა და თამაშის გადარჩენას შეეცადა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე, 2 წუთით ადრე, 88 -ე წუთზე თბილისელთა, მე-11 ნომერმა, ლიზი მწყერაშვილმა, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე აქტიურობდა, სტანდარტულიდან ბურთი პირდაპირ ლანჩხუთელთა კარში გადააგზავნა. „ნიკე" აქტიურობდა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ 5 წუთშიც, თუმცა, თბილისელებმა შეხვედრის შემოტრიალება და 11-მეტრიანებამდე მიყვანა, ამჯერად ვერ მოახერხეს.

საქართველოს თასი, რომელიც 2019 წელს პირველად გათამაშდა, „ლანჩხუთმა" მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს გურულების გუნდისთვის პირველი ოფიციალური ტროფეია. გუნდს თასი, სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა.


შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლანჩხუთელთა 10-იანი თამრიკო სალუქვაძე დაასახელეს.

ნიკე: კატერინა მიკლაშევიჩი, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი, სოფიკო ნარსია, ნათია დანელია, მეგი ეჯიბია (66' ანი აკობიძე), ამალი ხანდაზიანი, ლიზი მწყერაშვილი, ანა ჯოჯუა, ანასტასია ბოლქვაძე (28' მაიკო ბებია), ლალო ბაბაიანი
მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია
ლანჩხუთი: თათია გაბუნია, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია (90+1' მარიამ რომანჩუკი), თამრიკო სალუქვაძე (67' სალომი დიმოპულო), მარიამ დანელია, სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (54' ნინო გუჯაბიძე), ხატია ჭყონია, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე
მსაჯები: ალეკო აფციაური, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე
გაფრთხილება: 44' ნინო პასიკაშვილი (ნიკე), 45+2' ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), 66' ნათია დანელია (ნიკე), 74' ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), 90+4' ანი აკობიძე (ნიკე)
გაძევება: 73' ლალო ბაბაიანი (ნიკე)






ჩვენ








