„დინამოს“ "ბუ" ვერ ეხმარება
„დინამოს“ "ბუ" ვერ ეხმარება
19.09.2017
ავტორი:

დღეს, 19 სექტემბერს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ საკლუბო ევროტურნირის მატჩი გაიმართება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო", კატალონიურ „ჰუვენტუტი ბადალონა"-ს დაუპირისპირდება. ამ გუნდების  განმეორებით შეხვედრა 21 სექტემბერს, ესპანეთში ჩატარდება.

დინამოელთა მოლოდინი, რომ ამ მატჩებში მათ ეროვნული ნაკრების გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე დაეხმარებოდა ნაადრევი გამოდგა. ცინცაძეს ტრავმა, რომელიც მან, ევრობასკეტი 2017-ის სასტარტო მატჩში მიიღო, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ახსენებს თავს ქართველ კალათბურთელს. ამიტომ, ის დღევანდელ მატჩში თამაშს ვერ შესძლებს. ამას გარდა, არის ინფორმაცია, რომ საკლუბო კარიერას ცინცაძე, რუმინეთის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს და ამ მომენტში, კლუბთან ინტენსიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" კი გიორგი ცინცაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, მართლია, გიორგი ცინცაძე და ნიკა ცქიტიშვილი დაგვემატნენ, მაგრამ გიორგის ევრობასკეტიდან მოყოლებული ტრავმა აქვს და ის ვერ შეძლებს გუნდის დახმარებასო.


„ვნახოთ, რა იქნება.  ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ფავორიტი "დინამო" ნამდვილად არ არის. თუმცა, ეს კალათბურთია და ბურთი მრგვალია. დანარჩენი, უკვე იღბალზე და ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული", - ამბობს  ვატო ნაცვლიშვილი, „დინამოს" პრეზიდენტი.

„დინამომ" ევროტურნირებისთის მზადება, არასრული შემადგენლობით, აგვისტოს ბოლოს დაიწყო. რამდენიმე მოთამაშე და მწვრთნელები, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე იმყოფებოდნენ, ამდენად თბილისელებმა, მხოლოდ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მოახრეხეს სრული შემადგენლობით შეკრება და რამდენიმედღიანი მოსამზადებელი ეტაპის გავლაც თურქეთში, სადაც ორჯერ ადგილობრივ „ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ დამარცხდნენ.

"მომზადების მხრივ პრობლემები გვაქვს. ევრობასკეტზე მყოფ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე მოთამაშე, ფიზმომზადების მწვრთნელი და მე ვიყავით. ამრიგად,  „დინამოს" გვიან შევუერთდით. მოსამზადებლად, სულ რაღაც 10 დღე გვქონდა. გვიან დავიწყეთ ვარჯიში და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ მომენტში. ბუნებრივია, ეს 10 დღე მაქსიმალურად გამოვიყენეთ, მაგრამ იმას რასაც ერთ თვე სჭირდება, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ვერ შეასრულებ.  ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში შეუთამაშებლობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იქნება. კიდევ არის ტრავმიანობა. თითქოს გადაწყდა, რომ ცინცაძე დაგვემატებოდა, მაგრამ ის ავდებითი კოჭის ტრავმა კიდევ გვახსენებს თავს. ხვალ გადაწყდება, დაეხმარება თუ ვერა გუნდს, ლევან ფაცაციაც. ნაწილობრივი პრობლემები აქვს კაელ ტურპინს. თეორიულად ვიცით რისი გაკეთება გვინდა. შეძლებისდაგვარად, გავიცანით მოწინააღმდეგეც. ეს არის, ძლიერი ევროპული გუნდი. თუ ჩვენს პრობლემებსაც გავითვალისწინებთ, აქედან გამომდინარე უპირატესობა მათ ექნებათ. ჩვენ კი, ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა 10-დღიანი ვარჯიშიდან გამომდინარე რა გამოგვივა, არ ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოწინააღმდეგე გუნდი ყველაზე ძლიერია მათ შორის, ვინც კენჭისყრით შეიძლებოდა შეგვხვედროდა", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.

 

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი BCL-ევროპის ჩემპიონთა ლიგისს პირველ შეხვედრაში  შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: გიორგი შარაბიძე (N1), ლაველ ლაფრი ბოიდი (N4), ლევან გრძელიძე (N6), მალიკ კორნელ სტორი (N7), ილია ლონდარიძე (N9), ზურაბ მაჩალაძე (N10), კაელ ტურპინი (N11), ლევან ფაცაცია (N12),  ნიკოლა გაჩეშა (N16), მიხეილ ბერიშვილი (N17), ნოდარ გოგოძე (N21), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (N22). ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილი და მარკო მინიჩი, ასევე ფიზმომზადების მწვრთნელი ავთანდილ ბერიძე და ექიმი ლევან ლომსიანიძე დაეხმარებიან.