
ბოსნიაში გამგზავრებამდე, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოინახულეს. ფეხბურთელ გოგონებს გზა დაულოცეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდი, 3 ლიდერის ტატა მატვეევას, გულნარა გაბელიასა და თამარ ტატუაშვილის გარეშე ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს. ბოსნიასთან გამოტოვებს, მაგრამ იტალიასთან მატჩში მონაწილეობის მისაღებად გუნდს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, გერმანიაში მოასპარეზე თამარ ქველიძე შეუერთდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ბოსნია ჰერცოგოვინასთან და იტალიის წინააღმდეგ სათამაშოდ, ოფიციალურად 18 ფეხბურთელი გამოიძახა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ნათია სხირტლაძემ და გუნდის მეკარემ თამარ ნადირაშვილმაც ივარჯიშეს.

„ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპისთვის გამოვიძახეთ, საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები. მოგეხსენებთ, პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ კიდევ გასვლა გვაქვს ბოსნიაში. პირველი მოწინააღმდეგე შესწავლილი გვყავს, საკმაოდ კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს. ჩვენის მხრივ, ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მომდევნო მეტოქე იტალიის ნაკრებია. მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ყველამ ნახა, რომ იტალიას ერთ-ერთი კარგი ნაკრები ჰყავს. ისინი ¼ ფინალში იმ ჰოლანდიასთან დამარცხდნენ, რომელმაც შემდეგ ფინალი ითამაშა. ამიტომ იტალიასთან ძალიან რთული თამაში გველოდება", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ლევან ბაჯელიძემ, თითქმის გადახალისებული ეროვნული 24 აგვისტოს შეკრიბა. გუნდი ძირითადად ქალთა ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელთა შორის 9 „ლანჩხუთს" წარმოადგენს. გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ქალთა შორის საქართველოს თასი მოიგო.

„იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებში უმეტესობა „ლანჩხუთის" ფეხბურთელები არიან, მათთან შეთამაშება არ მიჭირს. თუმცა, ნაკრებში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელთან ერთად მითამაშია და ამ მხრივ, სირთულეც არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველა ნიჭიერი ბავშვია და საუკეთესო ფეხბურთელები. ასე, რომ არ იყოს, არ იქნებოდნენ ნაკრებში. ვიდრე თურქეთში, ქალთა ჩემპიონატი აიღებს სტარტს, ფორმის შესანარჩუნებლად, „ლანჩხუთში" ვთამაშობ და ვეხმარები ამ გუნდს. ამ გადასახედიდან, ვამჩნევ, რომ საქართველოში, იმის გარდა, რომ ფეხბურთელი ქალების რიცხვი არის საგრძნობლად გაზრდილი, მათი თამაშის ხარისხიც და ტემპიც, ადრინდელთან შედარებით მომატებულია. შეიძლება, ესეც ვთქვათ, რომ უკვე პროფესიონალები არიან. პირადად მე, ყოველთვის მზად ვარ ნაკრებში სათამაშოდ. ვცდილობ, ახლაც, ბოლომდე დავიხარჯო და ჩავდო ის, რაც შემიძლია, მთელი გულით და სულით. ასე, არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი და სტაფია განწყობილი. ბოსნიაში, უნდა ჩავიდეთ და უბრალოდ, ბოლომდე დავიხარჯოთ, ვიყოთ ერთი გუნდი, შედეგის მიუხედავად", - ამბობს ხატია ჭყონია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი ფეხბურთელი.

შეკრებაზე, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა, ნინო პასიკაშვილმა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ გუნდთან ერთად სრულფასოვნად, ბოსნიაში ჩასვლის შემდეგ ივარჯიშებს. ბოსნია პერცოგოვინასთან და იტალიასთან სათამაშოდ ლევან ბაჯელიძემ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო - მეკარეები: თეონა სუხაშვილი ("ერეგლი ბელედიესფორი", თურქეთი), თათია გაბუნია ("ლანჩხუთი"); მცველები: ნინო სუთიძე ("ნიკე", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), ელენე რაუხი ("ნორჩი დინამო", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი ("ნიკე", თბილისი); ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი ("ნიკე", თბილისი), ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი), თეონა თოდაძე ("ლანჩხუთი"), თეონა ბაქრაძე ("ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია ("ლანჩხუთი"), თამარ ეპიტაშვილი ("ნორჩი დინამო", თბილისი), ირინა ხაბურზანია ("ლანჩხუთი"); თავდამსხმელები: ანა ჩემინავა ("ჟალგირისი", ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე ("ედნისტ-პლისკი", უკრაინა), ნათელა წოწერია ("ლანჩხუთი"), თამრიკო სალუქვაძე ("ლანჩხუთი")

29 აგვისტოს, გამთენიისას, საქათველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ბოსნიაში გაემგზავრება, სადაც, 30 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 19:00 დაიწყეა.
31 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდება და მომდევნო თამაშისთვის მოემზადება, რომელიც 3 სექტემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იტალიას უმასპინძლებს.
31 აგვისტოსვე თბილისში ჩამოვა იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრები.
სფფ-ს ფოტო-მასალა





ჩვენ








