ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა
31.08.2019
ავტორი: მ.ნ.

აშშ-ს ღია პირველობაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ბევრი შეცდომა დაუშვა და განსხვავებით პირველი შეხვედრისგან, ამჯერად არც ფორტუნა დაუდგა გვერდში და არც ძალა ეყო, თამაშის გადასარჩენად.


ქართველი ჩოგბურთელი, (15),  31 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში, გერმანელ დომინიკ კოპფერთან (118) 3-6, 6-7, 6-4, 1-6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.


პირველ სამ სეტს თუ გავითვალისწინებთ, ქართველი უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, შეცდომებმა მატჩის შემოტრიალების საშუალება არ მისცა. გერმანელმა ამ თამაშში,  14 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი ბრეიკი აიღო, მაშინ როცა, ბასილაშვილს ორჯერ ნაკლები ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.


ამერიკის ღია პირველობაზე,  პირველ წრეში ბასილაშვილმა ტრადიციულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს  3-6, 6-4, 6-2, 3-6, 6-3, ხოლო მეორეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის 3-6, 7-6, 7-5, 6-2 მოუგო.


აღსანიშნავია, რომ კოპფერმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მეოთხე წრეში სავარაუდოდ, დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელიც ესპანელ ფელიციანო ლოპესს ხვდება.


რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან ვერც აშშ-ის ღია პირველობაზე დაიცვა შარშანდელი მერვედფინალი და 90 სარეიტინგო ქულა დაკარგა, მიუხედავად ამისა, ქართველი, ჯერჯერობით, ATP-ის "ცოცხალ" რეიტინგში, სხვა ჩოგბურთელების წარუმატებლობის ხარჯზე. სამი საფეხურით მაღლა აიწია.