
დამეთანხმებით, ფეხბურთის, განსაკუთრებით კი იტალიური ფეხბურთის მოყვარულთათვის, მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავების, თუნდაც ვეტერანების ხილვა, იმდენად დიდი ზეიმია, რომ მათ საქართველოში ჩამოყვანას საფუძვლად, რეალურად ბორჯომის დამწვარი ტყის საფარის აღდგენა უდევს, თუ თბილისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია, ნამდვილად, მეორე ფლანგზე ინაცვლებს.
ბუნებრივია, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველო-ირლანდიის თამაშის მსგავსად, ფეხბურთის ფედერაცია, რეალიზებული ბილეთებიდან თანხას, სრულად აგვისტოს მოვლენების დროს გადამწვარი ტყეების აღდგენას მოხმარს. კარგი იქნება, თუ მათ მსგავსად, ამ საქმეში, სხვა ორგანიზაციებიც, მხოლოდ კონკრეტულ მომენტში PR-ისთვის ატეხეილ, PR ხმაურში არ ჩაახრჩობენ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩის შემდეგ, თბილისში, 29 სექტემბერს, კვლავ ჩამოვლენ ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელები: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.
სფფ-ს გენერალური მდივნის დავით მუჯირის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ნახსენები ფეხბურთელების გარდა, რომელთა მონაწილეობაც 29 სექტემბრის მატჩში უკვე დადასტურებულია, ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთ გუნდს სათავეში ცნობილი გერმანელი ოტო რეჰაგელი ჩაუდგება. „მსოფლიო XI", "GFF-XI"-ს დაუპირისპირდება. რაც შეეხება გუნდების სრულ შემადგენლობასა და მეორე მთავარ მწვრთნელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებს დავით მუჯირი.
TSFF.GE-ს შეკითხვაზე, ითამაშებს თუ არა, რომელიმე გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის" ცენტრალური მცველი - თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, რომლის თანაგუნდელებითა და მეგობრებით კომპლექტდებიან 29 სექტემბრის მატჩის გუნდები, დავით მუჯირმა გვიპასუხა: „ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახის. მისი დახმარების გარეშე ამ ვარსკვლავებთან, ასეთ უმოკლეს ვადებში კომუნიკაცია და მათი დათანხმება თბილისში სტუმრობაზე, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა. ამ კომუნიკაციაში მან შეგვიწყო ხელი და უმოკლეს ვადებში, დაახლოებით 2 კვირის ვადაში, მოხერხდა ამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკება. რაც შეეხება, თავად მის მონაწილეობის საკითხს, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, ჩვენგან კახიც მოწვეულია სათამაშოდ. თუმცა, სამწუხაროდ, მისგან საბოლოო დასტური ამ მომენტამდე არ გვაქვს. რა თქმა უნდა ჩვენიც და გულშემატკივრის დიდი სურვილიც არის, რომ მოედანზე იხილოს ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი. ეს უნდათ, იმ უცხოელ სტუმრებსაც, რომლებიც თბილისში მოდიან. მათი თხოვნაც არის, სურვილიც და რამის არის პირობაც დაგვიყენეს, რომ კახიმ ითამაშოს".
გამომდინარე უკვე დასახელებული ფეხბურთელებიდან, ჩვენი გვერდისთვის საინტერესო გახდა, ბოლოს და ბოლოს, მოუწევს თუ არა საქართველოში ჩამოსვლა ჯენარო გატუზოს, რომელსაც არც საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებებისას და არც კალაძის გამოსამშვიდობებელ თამაშზე, თბილისში ჩამოსვლა არ მოუხდა. „ჩვენი სურვილია, რომ ჯენარო თბილისში იყოს. ეს მასაც უნდა, თუმცა მოგეხსენებათ ის არის მწვრთნელი და გადატვირთული გრაფიკის გამო, მისთვის, რთულია ხოლმე თბილისში სტუმრობა. თუმცა, მოლაპარაკების პროცესში, მას ჯერ საბოლოო უარი არ უთქვამს. ასე, რომ დიდი იმედი გავქვს, რომ ჯენაოც ჩამოვა თბილისში", - ამბობს დავით მუჯირი.
ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციით, საფეხბურთო ვარსკვლავები, თბილისში მატჩის დღეს, 17:00-სთვის ჩამოვლენ და თამაშის შემდეგ საქართველოს დატოვებენ. 29 სექტემბერს, შეხვედრა, „დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 -დან უკვე დაიწყო. ბილეთების უმეტესი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები. შეგახსენებთ, რომ ისევე როგორც საქართველო-ირლანდიის მატჩიდან შემოსული თანხა, ამ თამაშიდან რეალიზებული ბილეთების თანხაც მთლიანად აგვისტოს მოვლენების დროს, ბორჯომის ტყის გადამწვარი საფარის აღდგენას მოხმარდება.
~~





ჩვენ








