შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა - გააჩნია, როგორ გამოიყენებ
შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა - გააჩნია, როგორ გამოიყენებ
02.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ოფიციალურმა გვერდმა დღეს დაადასტურა, რომ ლევან შენგელია, სანაკრებო შესვენების შემდეგ, „დინამო თბილისში" აღარ ითამაშებს.


„ლევან შენგელიამ, რომელსაც დინამოსთან არსებული კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუმთავრდა, თბილისური კლუბი დატოვა. მიუხედავად ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებული შეთავაზებისა, რომელიც ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს ითვალისწინებდა, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თურქული სუპერლიგის "ქონიასფორში" არჩია" - ნათქვამია „დინამო თბილისის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.





"ქონიასფორში" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი თურქულ კლუბში დღეს საღამოს ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ქართველმა, რომელსაც "დინამო თბილისთან" კონტრაქტი 31 აგვისტოს ამოეწურა და "ქონიასფორს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თურქულ კლუბთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.




„ქონიაში ჩამოსვლისთანავე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგოც სტადიონმა, ასევე საწვრთნელმა ბაზამ. ვგრძნობ, რა წარმოუდგენელ ატმოსფეროში მომიწევს თამაში. გუნდში, სატრანსფერო დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე დამიძახეს. ამავე დროს, ქვეყნის ნაკრებშიც დამიძახეს. ქონიაში, სანაკრებო თამაშების შემდეგ დავბრუნდები. თბილად შემხვდით. მადლობა ამისთვის. ამიერიდან, ჩემი ერთადერთი მიზანი იქნება, ქონიას გუნდს წარმატება მოვუტანო. მივესალმები კლუბის გულშემატკივარს და ერთი სული მაქვს, როდის შეხვდები მათ",  - ლევან შენგელიას ამ სიტყვებს თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.  




თურქეთის ჩემპიონატში, რომელიც მხოლოდ 3 ტურია დაიწყო, შენგელიას ახალი გუნდი 18 მონაწილეს შორის მე-13 საფეხურზეა. გასულ სეზონზე, "ქონიასფორმა" თურქეთის სუპერლიგის გასულ სეზონში 44 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე გავიდა, ევროტურნირების საგზურამდე კი 4 ქულა დააკლდა.




შეგახსენებთ, რომ  შენგელიას გადაბირება ლა ლიგა 2-ის რამდენიმე გუნდსაც სურდა, თუმცა ლევანის ესპანეთში ტრანსფერი არ შედგა. ლევან შენგელია ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან "დინამო თბილისის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.


ჩვენის მხრივ, ერთს დავამატებთ, რომ სპორტსმენს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა შანსი, გახდეს ქვეყნის ჩემპიონი, ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი. ერთხელ ეძლევა შანსი, აღიაროს კლუბმა, ამ კლუბის გულშემატკივარმა, მოწინააღმდეგე კლუბებმა და სრულიად საფეხბურთო სამყარომ. წელს ლევან შენგელიას, ეს შანსი „დინამო თბილისის" რიგებში ჰქონდა. თუმცა, როგორც სჩანს, შენგელიასთვის თბილისური კლუბი, მარტივად, მხოლოდ, ერთჯერადი ტრამპლინი აღმოჩნდა.




ინფორმაციისთვის, "ქონიასფორის" სტადიონი 2014 წლის 13 სექტემბერს არის გახსნილი და მისი ტევადებობა დაახლოებით 38000 მაყურებელზეა გათვლილი. თუმცა 2015 წელს, სტადიონზე თურქეთი-ჰოლანდიის მატჩის დროს მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა 41007 ადამიანი დაფიქსირდა. ბუნებრივია, "დინამო არენასთან" შედარებით სტადიონს არც ისტორია აქვს, არც ტევადობა და რეკორდშიც ვერ შეეცილება თბილისურ მთავარ სტადიონს. ალბათ, ერთადერთი როდესაც, "დინამო თბილისიდა" წასული ფეხბურთელი ახალი კლუბის ინფრასტრუქტურაზე აღფრთოვანებით საუბრობდა, აშკარად გულშემატკივირის თამაშებზე დასწრება და ის მოლოდინებია, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოში აღარ ვართ მიჩვეუნი.





„დინამო თბილისი" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით,  გუნდი იჯარით მყოფმა ფრანგმა ლეგიონერმა აბდელ მეჯუბიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. იგი კარიერას ფრანგულ „ბორდოში" გააგრძელებს.