ქალთა ნაკრები იტალიის ეროვნულთან სათამაშოდ ემზადება
ქალთა ნაკრები იტალიის ეროვნულთან სათამაშოდ ემზადება
02.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, იტალიასთან მატჩის წინ, ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ლევან ბაჯელიძის გუნდი,  ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას, ხვალ,  3 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს და იტალიის ეროვნული ნაკრების დაუპირისპირდება. შეხვედრა,  16:15 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.




„ძალიან რთული მატჩი გველოდება. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ამ თამაშისთვის მზადება 24 აგვისტოდან გვაქვს დაწყებული და ერთ თამაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში უკვე ვითამაშეთ. სამწუხაროდ, დავმარცხდით და მე ვიტყოდი, რომ ჩემი მწვრთნელობის პერდიოდში, საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი სუსტი მატჩი ჩაატარა. იტალიასთან, შევეცდებით ეს შეცდომები გამოვასწოროთ და ნორმალური შედეგი ვაჩვენოთ",  - ამბობს ლევან ბაჯელიძე,  საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.




ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იტალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობას "გორი იუნაიტედის" მცველი, ნათია სხირტლაძე და გერმანული "კარლსრუეს" ფეხბურთელი, თამარ ქველიძე დაემატნენ.





„ვეცდებით, ისე წარმოვაჩინოთ თავი, როგორც შეგვიძია, ან გვინდა რომ ასე იყოს. გუნდი ერთი კვირაა ერთად ვარჯიშობს, კარგი ვარჯიშები გვიტარდება, მწვრთნელები კვალიფიციურები არიან",  - ამბობს თამარ ქველიძე.


შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრებში  საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ლიდერები  გულნარა გაბელია, ტატა მატვეევა, თამარ ტატუაშვილი და გუნდის ძირითადი მეკარე თამარ ნადირაშვილი ვერ ეხმარებიან.




 „იტალიას, საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავს. დანიის შემდეგ, ჯგუფში, ერთ-ერთ ფავორიტია. რთული თამაში იქნება. თუმცა, ვეცდებით, საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ და მაქსიმუმი გავაკეთოდ", - ამბობს ნინო სუთიძე.





მეკარეები: თეონა სუხაშვილი ("ერეგლი ბელედიესპორი", თურქეთი), თათია გაბუნია ("ლანჩხუთი")

 

მცველები: ნინო სუთიძე ("ნიკე", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), ელენე რაუხი ("ნორჩი დინამო", თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი ("ნიკე", თბილისი), ნათია სხირტლაძე ("გორი იუნაიტედი", გორი), თამარ ქველიძე ("კარლსრუე", გერმანია)


ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი ("ნიკე", თბილისი), ხატია ჭყონია ("ლანჩხუთი), თეონა თოდაძე ("ლანჩხუთი"), თეონა ბაქრაძე ("ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია ("ლანჩხუთი"), თამარ ეპიტაშვილი ("ნორჩი დინამო", თბილისი), ირინა ხაბურზანია ("ლანჩხუთი")


თავდამსხმელები: ანა ჩემინავა ("ჟალგირისი", ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე ("ედნისტ-პლისკი", უკრაინა), ნათელა წოწერია ("ლანჩხუთი"), თამრიკო სალუქვაძე ("ლანჩხუთი")




დღესვე, ხვალინდელი მატჩის წინ, თბილისში, მიხეილ მესხზე იტალიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ივარჯიშა. საქართველოს ნაკრებთან თამაშამდე, გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მზადყოფნაში.


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები