
თბილისში, „დინამო არენაზე" უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩზე , საქართველოსა და დანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დასასწრები ბილეთების ფიზიკური გაყიდვა სტადიონის სალაროებში უკვე დაიწყო. „დინამო არენას" სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. ბილეთების ფასი, კი 5, 10, 15 და 25 ლარია. აქვე გეტყვით, რომ ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 25 აგვისტოდან მიმდინარეობს. შეხვედრა „დინამო არენაზე" 8 სექტემბერს 20 საათზე დაიწყება.
მანამდე კი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან მატჩამდე, რომელიც ხვალ 5 სექტემბერს, თურქეთში, „ბაშაქშეჰირის სტადიონზე" გაიმართება, მატჩის წინ, ბოლოჯერ ივარჯიშა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ფიფას რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს და ამ შეხვედრას, ორივე გუნდი ოფიციალური მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყენებს.

„ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი, დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
„ბაშაქშეპირის სტადინი" სტამბოლის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და იქ მისასვლელად, მაგალითად სულთანაჰმედიდან იგივე დრო გჭირდება, რაც თბილისიდან გორში ჩასასვლელად. ამიტომ, ხვალ არ დაგეზაროთ, და გორში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე აუცილებლად წადით, რადგან ქართული ფეხბურთს ხსნას, გულშემატკივრის უპირობოდ სტადიონზე დაბრუნებაში ვხედავთ. ბუნებრივია, ამას სტამბოლურ შეხვედრასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ თბილისში, მაგალითად, ჩვეულებრივ, არასაფეხბურთო დღეს, ძალიან სასწაული იქნება, რომ ახალგაზრდები „ლოკომოტივის", „საბურთალოს", „დინამო თბილისი" ანდა სულაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით დადიოდეს. აქ, სტამბოლში და საერთოდ თურქეთში, ფეხბურთელებს სთხოვენ, სოციალური ქსელებით არა, რეალურ დროში და ამავდროულად ყოველდღიურ ცხოვრებაში აგრძნობინებენ, რომ ისინი იმ კონკრეტული გუნდის ცხოვრებით ცხოვრობენ.

თავად სტადიონი კი პატარა და კოპწიაა, საფეხბურთო. აი, ისეთი ბურთს გაგორება, რომ მოგინდება. იმედია, ხვალ, ჩვენი ბიჭები აქ, კორეის რესპუბლიკასთან ისტორიულ მატჩში, ბურთს გააგორებენ კიდევაც და გოლებსაც გაიტანენ. მითუმეტეს, რომ დღეს, ერთმა - არ დავკონკრეტდები რომელმა, ორმხრივი თამაშის დროს, საკმაოდ ბევრი შეყარა. დღეს, ნაკრებთან ერთად იყო და ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელიც მართალია, მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას, დანიის ეროვნულ ნაკრებთან ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, მაგრამ კაპიტანი კორეასთან მატჩიში თავისი გუნდის გვერდით იქნება.

როგორც უკვე გატყობინებდით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდაპირველად დასახელებული შემადგენლობიდან, ნაკრებს სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. თუმცა, ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, საქართველოს ნაკრებისა და შახტარის მცველი, გუნდთან ერთად სტამბოლშია და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ არის. დღეს, მან ინდივიდუალურად ივარჯიშა ლაშა დვალმა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი კორეის წინააღმდეგ.
„მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ვლადიმირ ვაისის ნაკრები, სტამბოლში 25 კაცის შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდში, ორი ახალწვეულია. ზუკა დავითაშვილი და ლევან შენგელია. ვაისი არ მალავს, რომ კორეასთან მატჩში შანს მისცემს ახალგაზრდებს თავის გამოჩენის. განსაკუთრებით, როცა ოფიციალურ მატჩამდე, ამხანაგურია და ახლაგაზრდა ფეხბურთელისთვის, ეცვას ნაკრების მაისური, ამ პასუხისმგებლობის გადალახვის შანსიც, სწორედ ასეთ მატჩებში ეძლევა,
„ დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ, ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის" - ამბობს ვაისი.
ვის ჩაანაცვლებს ეროვნული ნაკრების თავკაცი კანკავას და კვეკვესკირს, ეს მხოლოდ 8 სექტემბერს გაირკვევა. კორეასთან თამაშის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები ჩარტერული რეისით თბილისში დაბრუნდებიან. კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შეხვედრის ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

პს- სამწუხაროდ, სტამბოლური საცობების და იმ მანძილის გადამკიდე, რის შესახებაც უკვე გიამბეთ, ვარჯიშის ბოლოს მივუსწარი და მასალაში სფფ-ს ფოტოგრაფის, ლაშა კუპრაშვილის ფოტო-მასალა დავიხმარე
სპეციალურად სტამბოლიდან
#იქსადაცშენიგუნდია
მასალაში გამოყენებულია სფფ-სა და თამარ ჯიშკარიანის ფოტოები





ჩვენ








