ფრე, პირველ ისტორიულში
ფრე, პირველ ისტორიულში
05.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ბაშაქშეჰირის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონი, მრავალმილიონიანი სტამბოლის ერთ-ერთ ახალ გაშენებულ უბანშია, მინდორზე (ე.წ. ფიჩზე) გასულს თავი უკვე, კორეის რესპუბლიკაში გეგონებოდა. მატჩის ორგანიზებისთვის, კორეელებმა, რომელთა ინიციატივითაც საქართველოს ეროვნული სტამბოლში ჩავიდა, ავსტრიული კომპანია იყო. თუ არ ჩავთვლით 4 ათეულამდე ქართველ გულშემატკივარს, დანარჩენი აქ, ორგანიზებული წესით მოყვანილი კორეის რესპუბლიკის მოქალაქენი და სტამბოლში კორეული საწარმოს თურქი თანამშრომლები იყვნენ. მატზე დასასწრები ბილეთები არ იყიდებოდა და შესაბამისად, რიგით ქართველ გულშემატკივარსაც, გაუმართლათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კორეის რესპუბლიკის შეხვედრაზე მოხვდნენ. სტატიის დასაწყისშივე, აქტიური ქომაგობისთვის მადლობა გვინდა მათ გადავუხადოთ ჩვენი გვერდის სახელით.





რაც შეეხება თამაშს, ის ქართველი ფეხბურთელების შეტევებით დაიწყო და პირველი ტაიმიც, თუ არ ჩავთვლით გიორგი მაკარიძის კართან შექმნილ რამდენიმე მომენტს, კორეასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების პირველი ისტორიული შეხვედრის პირველი ტაიმი, ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. შესაბამისად, დასანანი, რომ ასეთ ვითარებაში, მხოლოდ ერთი გოლი და უამრავი გამოუყენებელი საგოლე მომენტი გამახსოვრდება.  ბუნებრივია, ამხანაგური შეხვედრის მომენტში მსგავსი, მხედველობაში გამოუყენებელი მომენტები, ოფიციალურ მატჩში, აუცილებლად თავში ხელის წამორტყმის საბაბი გახდება. შესაბამისად, სრულიად გასაგებია, ჩვენი ეროვნულის თავკაცის თავშეკავებული, მაგრამ მკაცრი მესიჯი, გამოუყენებელ მომენტებთან დაკავშირებით, რომელიც ვლადიმირ ვაისმა, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარშიც დააფიქსირა და მანამდე დიდი ალბათობით, ტაიმებს შორის ფეხბურთელებთანაც ისაუბრა.




ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზუკა დავითაშვილს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო  ახალწვეული კარგად ჩაჯდა საერთო სურათში. კარგად მოახერხა ეროვნულის მღელვარების მომენტის დაძლევაც და პირველჯერის ფონზე, დაკისრებულ ამოცანას მშვენივრად გაართვა თავი.


 


„კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს ზუკა დავითაშვილი მატჩის დასრულების შემდეგ.


ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ კარგად დაბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი. დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ ბევრი იმუშავა ვაკო ყაზაიშვილმაც, რომლის ბოლო სანაკრებო შეხვედრაში არგამოძახებას, მითქმა-მოთქმა მოჰყვა ვაისს კი, ქართული მედიისთვის, ივნისში ახსნა-განმარტების მიცემა მოუწია. სწორედ, მის აქტიურობას და კორეელთა მოჰყვა, კორეულ-ქართული პირველი დაპირისპირების პირველი გოლი. მე-40 წუთზე, ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ ანგარიში ჯანო ანანიძემ გახსნა, 0-1.





„მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება. დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა, კიდევ ერთ ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება.  ქართველთა მწვრთნელის აზრით, დღევანდელ მატჩში, თვალშისაცემად გამორჩეული იყო ოთარ კიტეიშვილი. მწვრთნელი აზრით, „კიტემ" დაამტკიცა, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.




ალბათ, საწყენად არა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმი პირველისგან მცირედ განსხვავებულად წარიმართა. თუკი, შეხვედრის საწყის ტაიმში, ქართველები მეტ პრესინგს მიმართავდნენ კორეელთა საჯარიმოში, შეხვედრის მეორე ნახევარში, ამ კუთხით თამაშმა ოდნავ ცენტრისკენ ამოიწია. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყო, რომ კორეელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევრის სტარტშივე მოახერხეს. ამან კი,  ცოტა ხნით, მაგრამ ქართველთა რიგებში დაბნეულობა გამოიწვია. მასპინძლებმა, ამით ისარგებლეს და თუკი, ქართველებს, პირველ ტამში მცირედი უპირატესობა ჰქონდათ, ამ ნაწილში არა თუ გაუთანაბრეს, არამედ სასწორი სათავისოდ გადახარეს. თუმცა, კარის ჩარჩოში დარტყმის თვალსაზრისით კვლავ ქართველების სასარგებლო მიდიოდა საქმე. ბუნებრივია, ამ კუთხით უფრო, %-ულად მეტი გამოუყენებელი მომენტი, ქართველთა სამწვრთნელო შტაბის „თავსატეხია" დანიელებთან მატჩამდე.  აი, ბურთის ფლობის კუთხით კი, კორეელები უფრო წინ იყვნენ.




მეორე ტაიმის სტარტზე, სრულიად, არაფრის მომასწავებელ მომენტში, 47-ე წუთზე, ჰეუნ გმინ სონის ჩაწოდებულზე, უიჯო ჰვანგმა  ითამაშა სწრაფად და ახლო მანძილიდან აიღო გიორგი მაკარიძის კარი, 1-1. სხვათა შორის, იმავე კუთხიდან, მაკარიძეს, კიდევ რამდენჯერმე მოუხდა სახიფათო დარტყმის მოგერიება.




ბუნებრივია, ის, რომ 27 წლის ტოტენჰემელის განეიტრალება, ქართველთა გუნდისთვის ერთ-ერთი ამოცანა იყო და საერთო ჯამში, ვაისის გუნდმა ეს მოახერხა. ყველაზე წონადი კორეელი სონი კი, როგოც ჩანს, კორეელებმა მომდევნო ოფიციალურების წინ, ბევრად აღარ გადაღალეს და 62-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის 85-ე წუთზე უიჯო ჰვანგმა  დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი, 2-1, ქართველებისთვის საკმაოდ უხერხულ დროს დააწინაურა.




ბუნებრივია, შეხვედრაში, რომელიც თანაბრად მიმდინარეობდა და პროცენტულად კი, მეტი საგოლე მომენტი სწორედ ქართველებმა შექმნეს, მარცხი დასანანი იქნებოდა. შეხვედრის გადარჩენა კი, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვილითაიამ შეძლო. ქართველმა გოლი, 90-ე წუთზე გაიტანა, 2-2.




„კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




თურქი მსაჯის, ჰუსეინ გიოჩექის მიერ კომპენსირებულ 5 წუთში, ანგარიში აღარ შეცვლილა. ბუნებრივია, დანიასთან ევრო 2020 შესარჩევი მატჩისთვის ვლადიმირ  ვაისს, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთება აუცილებლად მოუწევს. უპირველესად, ჩვენს გუნდში, დისკვალიფიკაციის გამო, ვერ ითამაშებს ჯაბა კანკავა. თუმცა, ქართველთა მწვრთნელს, დიდი ალბათობით, უკვე ჰყავს შერჩეული ის ფეხბურთელი, რომელიც კაპიტანს ჩაანაცვლებს. ამას, გარდა, თუნდაც კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გამოჩნდა ის, რგოლები, რომლის დახვეწაც ქართველებს 2 დღეში მოგვიწევს.




„დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა", - ამბობს ვაისი.




ასეა თუ ისე, თუ საქართველოს ნაკრების თამაშს 10-ბალიანი სისტემით შევაფასებთ, თან იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მეტოქე ფიფა-ს რეიტინგში 37-ე ადგილზეა, ქართველთა თამაში 8-დან, 8,85 ბალამდე შიძლება შეფასდეს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დანიელებთან მატჩამდე დარჩენილ დროში, კორეელებთან მონიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად მოუწევთ.



საქართველოს ნაკრები ბაშაქშეჰირის სტადიონიდან აეროპორტში გაემგზავრა და რამდენიმე საათში საქართველოში, პარტნიორი ავია-კომპანიის, Myway Airlines -ის ჩარტერული რეისით დაბრუნდება.


სპეციალურად სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან

p.s. - სტამბოლში საქართველოს ნაკრების თამაშზე ქართული სპორტული მედიიდან, მხოლოდ ჩვენი გვერდის წარმომადგენლები ვიყავით. არადა, კორეის რესპუბლიკის გუნდს, თამაშის დღეს, კორეიდან დაახლოებით 2 ათეულმა ჟურნალისტმა ჩამოაკითხა.





თამარ ჯიშკარიანის ფოტოები