დანიასთან ვაისის სასტარტოში 2-3 ცვლილება იქენბა
დანიასთან ვაისის სასტარტოში 2-3 ცვლილება იქენბა
07.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს 19:00 თბილისში, სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ევრო 2020-ის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. სტამბოლიდან დაბრუნებულმა ეროვნულმა, გუშინ აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. სამწუხაროდ, სწორედ იმ დროს გაირკვა, რომ დანიასთან 8 სექტემბრის მატჩს აღნიშნულ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან, რამდენიმე მათ შორის ზუკა დავითაშვილი გამოტოვებს.

„ტრავმირებულებთან დაკავშირებით ცუდი ინფორმაციაა. ლაშა დვალი არის დაშავებული და ზუკა დავითაშვილმა ამხანაგურის დროს მიიღო ტრავმა და ექიმების აზრით ის, 2 კვირა ვერ ითამაშებს. კორეასთან მისი პირველი ამხანაგური თამაში იყო. ძალიან კარგად ითამაშა და სამწუხაროა, რომ გამოაკლდება. ტრავმირებულები არიან ხოჭოლავა და დვალი, რომლებსაც მცირე ტკივილები აქვთ და ვერ ითამაშებენ ხვალ.  კარგია, რომ ჩაკვეტაძემ დაიწყო  ვარჯიში. მისთვის პირველი თვე არ იქნება ადვილი. მას ეხმარება ჩვენი ექიმიც მერაბი და ვფიქრობთ, ერთ თვეში ან, ცოტა უფრო მეტ დროში მოახერხებს გუნდთან შეერთებას, კვერკველიაც დაშავებულია", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

მიუხედავად იმისა, რომ არის კითხვები რომლებიც ვლადიმირ ვაისს არ სიამოვნებს, ქართველთა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია რატომ არ მისცა შანსი ხარაიშვილს  - შეიძლება ხვალ მოვიდეს სხვა მწვრთნელი და მან მისცეს ხარაიშვილს შანსიო. ის, რომ ვაისს, ხარაიშვილის თამაში მოსწონს, ქართველთა მწვრთნელი არ უარყოფს, მაგრამ აქეთ ეკითხება ქართულ მედიას და ელის პასუხის, რომელი „ვინგერი" ამოეგდო, მაშინ შემადგენლობიდან?

„ამჯერად არჩევანი გავაკეთე ოქრიაშვილზე, ანანიძეზე, ყაზაიშვილზე, შენგელიაზე, დავითაშვილზე, ლობჟანიძეზეც. ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია, მას ვაკვირდებით, მაგრამ ამ ეტაპზე გავაკეთეთ ის არჩევანი, რომელიც სახეზეა" - ამბობს ვაისი.

დაახლოებით, ანალოგიური პასუხი მიიღო ქართულმა მედიამ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გვართან დაკავშირებით.

„არაბიძე და ზარანდია? იგივე სიტუაციაა, როგორც ხარაიშვილის შემთხვევაში. ეროვნულ ნაკრებში ყველა ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებ. შესაძლოა სხვა მწვრთნელმა სხვა არჩევანი გააკეთოს და მაგალითად ყაზაიშვილის ნაცვლად გამოიძახოს ზარანდია. მინდა ვთქვათ, რომ მის თამაშს თვალს ვადევნებთ და ახლა ცოტა რთული პერიოდი აქვს, რადგან გუნდი შეიცვალა" - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პირველი საკვალიფიკაციო, საქართველოს ნაკრებმა კოპენჰაგენში დიდი ანგარიშით 5-1 წააგო. ბუნებრივია, დღეს ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემას დავუბრუნდეთ, თუმცა პრესკონფერენციაზე, მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა, ის თამაში გაიხსენა და განაცხადა, რომ:




„ყველამ ვიცით, რომ დანიის ნაკრები მაღალი დონის გუნდია. წინა თამაშში დავმარცხდით, მაგრამ იყო გარკვეული შეცდომები მსაჯის მხრიდან, რომელმაც თამაშზე გავლენა მოახდინა. შეიძლებოდა, სხვა ანგარიში ყოფილიყო. ახლანდელ თამაშს რაც შეეხება, უნდა დავანახოთ რომ შეგვიძლია შეტევითი ფეხბურთის თამაში. არ უნდა დავდგეთ დაცვაში და უნდა შევუტიოთ, რომ მეტოქემ იგრძნოს, რომ დაცულები არ არიან და საფრთხის შექმნა ჩვენც შეგვიძლია" - ამბობს კიტეიშვილი.

სტამბოლში, კორეის რესპუბლიკასთან დასრულებული მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ გუნდში, ამ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული ოთარ კიტეიშვილი იყო. მიუხედავად, ამისა, ვაისმა, დღეს, "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე, არ დააკონკრეტა დააყენებს, თუ არა ოთარ კიტეიშვილის, მისთვის მშობლიურ "დინამო არენაზე" ძირითად შემადგენლობაში.

„გამოუყენებელი მომენტები ზოგადად ჩვენი სენია და არამხოლოდ სამხრეთ კორეასთან, არამედ ბევრი თამაში იყო, როცა მომენტები გავანიავეთ. მარტო ვაკო ყაზაიშვილს შეეძლო დუბლის შესრულება და ვუთხარი, რომ საჯარიმოში უფრო აგრესიული უნდა იყოს. შემადგენლობას რაც შეეხება, თუნდაც ტრავმებისგან გამომდინარე აუცილებლად მომიწევს 2-3 ცვლილების გაკეთება. ამიტომაც, გამოვცადე ოთარ კიტეიშვილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, რადგან ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა დაგვაკლდებიან. თუმცა, გვყავს სხვა მოთამაშეებიც ამ პოზიციებზე, გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, მურთაზ დაუშვილი, ვნახოთ. დაუშვილი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა, აქამდე ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში არ იყო, მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა გამოასწორა. გეთანხმებით, რომ კანკავას მსგავსი სტილი ფეხბურთელია და არ გამორიცხავ, რომ მოედანზე ვიხილოთ", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩი, საქართველოსა და დანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, 8 სექტემბერს, 20:00 დინამო არენაზე გაიმართება.


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები