29 სექტემბრის მატშჩი კახი კალაძეც ითამაშებს
29 სექტემბრის მატშჩი კახი კალაძეც ითამაშებს
20.09.2017
ავტორი:

კახი კალაძე 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე"  მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში მონაწილეობას მიიღებს. თუ რომელ გუნდში იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის მერობის კანდიდატი, ჯერ არ კონკრეტდება.


"იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობა მიმეღო 29 სექტემბერს დაგეგმილ მატჩში, რადგან ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ მივიღებ მონაწილეობას. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს სწორედ  ფეხბურთის დამსახურებაა,"- ამბობს კახი კალაძე.


შეგახსენებთ, 29 სექტემბერს, თბილისში, საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გაიმართება. ამ თამაშში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში, ჩამოვლენ ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელები: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.  ერთ-ერთ გუნდს კი, სათავეში ცნობილი გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი იქნება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ბორჯომში, აგვისტოს თვეში დამწვარი ტყის საფარის აღდგენას მოხმარდება. შეხვედრა 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10,15 და 25 ლარია და მათი გაყიდვა უკვე დაწყებულია www.tkt.ge - ზე.