
ასტანაში, 14-22 სექტემბრის ჩათვლით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება. საქართველოს ნაკრებისთვის აღნიშნული შეჯიბრი არა მხოლოდ ტიტულების მოსაპოვებლად, არამედ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლადაც არის მნიშვნელოვანი. ლიცენზიებს კი, თითოეულ ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ) პირველი ექვსეული მიიღებს.
ამდენად, ქართველთა ასპარეზობის სასტარტო დღე, ორმაგად სასიხარულოა, რადგან, 14-15 სექტემბერი - 55/63/72/82 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე 4 ქართველი სპორტსმენიდან, ორმა არა მხოლოდ ოლიმპიური ლიცენზია, არამედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წლიანი პაუზის შემდეგ, ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ 55 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო. კიდევ რამდენიმე საათის შემდეგ, ასტანაში, საქართველოს ჰიმნი, უკვე, 82 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აჭარის წარმომადგენელმა ლაშა გობაძემ ააჟღერა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საასპარეზო დღის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები, 54 ქულით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს 25-25 ქულა მსოფლიო ჩემპიონებმა ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მოუტანეს, ხოლო ოთხი ქულით ეროვნულ გუნდს იური ლომაძე დაეხმარა. მინიმუმ რვა ქულა იქნება გიორგი მელიას (97კგ) ანგარიშზე, თუმცა თუკი ის ბრინჯაოს მედალს მოიგებს, მის აქტივში 15 სარეიტინგო ქულა იქნება. მის წონით კატეგორიაში დასკვნითი დღე 16 სექტემბერს არის (15-16 სექტემბერი - 67/87/97 კგ)
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილი სამი წევრი - დავით ჩხარტიშვილი (60კგ), გელა ბოლქვაძე (77კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) ასპარეზობაში კი, სწორედ 16 სექტემბრიდან ჩაერთვებიან.
საქართველოს ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასტანაში:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ - დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
72 კგ - იური ლომაძე (ოზურგეთი)
77 კგ - გელა ბოლქვაძე (აჭარა)
82 კგ - ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ - გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ - იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)





ჩვენ








