„დინამოში“ დაბრუნება მოსულა - გამოწვევა ქართულ ლეგიონს
„დინამოში“ დაბრუნება მოსულა - გამოწვევა ქართულ ლეგიონს
20.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლევან მჭედლიძე დღეს, „დინამო არენაზე" ოფიციალურად წარადგინეს.  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ლეგიონერი, რომელიც წლების მანძილზე იტალიური „ემპოლისა" და „პალერმოს" ღირსებას იცავდა, ქართულ მედიას და გულშემატკივარს, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარუდგინეს.




ძალიან მოხარულები ვართ ლევან მჭედლიძის ტრანსფერით. როგორც აღინიშნა, ლევანსაც სჭირდებოდა „დინამო თბილისი" და ჩვენც გვჭირდებოდა ის. კონტრაქტი გაფორმებულია 1+1 სისტემით. ჩვენი მიზანია ჩემპიონობა და გპირდებით, რომ დინამო თბილისი ქართულ ფეხბურთში სიხარულს დააბრუნებს", - ამბობს ზაზა დოლიძე.




ლევან მჭედლიძე, რომელის გუნდთან ოფიციალური ნაცნობობა, „დინამო არენაზე" გამართულ პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე სავარჯიშო პროცესის დროს შედგა, ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „დინამო თბილისთან" მცირე ადაპტაციის შემდეგ, მჭედლიძე, ეროვნული ლიგის უახლოეს თამაშებში დინამოელთა რიგებში გამოჩნდება. მანამდე კი, ფეხბურთელმა „დინამო თბილისის" ფეხბურთელთა ტრადიციული რიტუალის - ე.წ დერეფანში გავლის შემდე „დინამო თბილისის" მაისურით, პირველად, ინდივიდუალურად ივარჯიშა.





„სიმართლე გითხრათ დიდი ხანი არ მიფიქრია ძალიან ბევრი. პირდაპირ მივიღე გადაწყვეტილება. მე მზად ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო ამ კლუბისთვის, რათა მივაღწიოთ წარმატებას, რაც აქვს დასახული ამ კლუბს. რაც მთავარია ვარ კარგად და მზად ვარ", - „ამბობს ლევან მჭედლიძე.





ბუნებრივია, ვინც ამ წლების მანძილზე, ფეხბურთელის კარიერას ადევნებდა თვალს, მისი ხშირი ტრავმების ამბავიც კარგად მოეხსენება. თუმცა, აქ ფეხბურთელი ერთ ახსნას პოულობს - წლების წინ, მას ერთდროულად რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში უწევდა თამაში. შესაბამისად, ფეხბურთელზე ასაკთან შეუსაბამოდ დიდი დატვირთვა მოდიოდა. ეს გარემოება, ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა ილექებოდა და საბოლოოდ, ლევანის ჯანმრთელობაზეც აისახა. ამას დაემატა, საწყის ეტაპზე არასწორი მკურნალობა. თუმცა, მოგვიანებით, ყველაფერი დალაგდა - ლევანმა „სწორი" ექიმი ნახა და ახლა, ყველაფერი რიგზეაო.




„ფიზიკურად კარგად ვარ, უბრალოდ ორი კვირა არ მივარჯიშია. ყველაფერს ვიზამ, რათა ჩემპიონები გავხდეთ. გადაწყვეტილების მიღებისასა,  ოჯახმა დიდი როლი ითამაშა. იყო სხვადასხვა შემოთავაზებები. არა მარტო ბათუმი, იყო სხვა ვარიანტებიც. თუმცა, აქ ჩემი ჩამოსვლა, „დინამოში" ჩამოსვლა, არის სტიმული. ყველაფერს გავაკეთებ წინსვლისთვის და არა უბრალოდ, საქართველოში ყოფნისთვის. მინდა, რომ ამ გუნდთან ერთად, მივაღწიო წარმატებას. პირველ რიგში მოვიგო ჩემპიონატი და შემდეგ უკვე, სხვა მიზნებისკენ გავიხედოთ წინ", - ამბობს ლევანი.




ლევანის არჩევანი, გამხდარიყო „დინამო თბილისის" ოჯახის წევრი, უშუალოდ მამის დამსახურებაა, რომელმაც რჩევისთვის მისულ შვილს, ცალსახად, „დინამო თბილისი" ურჩია. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გარდა, არის ადამიანური ურთიერთობა - ეს არის ის დეტალები, რომლებიც კონტრაქტში ვერ იწერება.




„ჩვენ ვიცით, რომ ლევანს აქვს დიდი რესურსი. ჩვენ ხელს ვუწყობთ მას, ლევანი ჩვენ გვიწყობს ხელს. ამიტომ, როდესაც ეს ორი ინტერესი დაემთხვა და ემთხვევა, ყოველთვის გამოდის კარგი საქმე.  ეს არის დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ. ჩვენი მიზანი არის ჩემპიონობა, ეს ცალსახად გასაგებია.  გაიმარჯვებს უძლიერესი. ზამთრის ფანჯარა მოგვცემს საშუალებას ეს ნაბიჯები უფრო გავაძლიეროთ. მგონია, რომ ლევანის ტრანსფერი დააფიქრებს სხვა ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა მიმართაც ჩვენ გვაქვს ინტერესი და ვნახოთ.  თუ მოვრიგდებით, კიდევ გამოჩნდებიან აქ სხვა ფეხბურთელები. ჩვენ, ვაპირებთ გაძლიერებას და გვინდა გავაკეთოდ კარგი საქმე. გვინდა მოვიგოთ ჩემპიონატი. გავიდეთ ჯგუფში, ევროპა ლიგის იქნება თუ, ჩემპიონთა ლიგის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნავსი, უნდა გავტეხოთ. შეგვიძლია...", - ამბობს რომან ფიფია.




ლევანი გუნდს დაახლოებით ერთ კვირაში შეუერთდება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4-ეტაპიანი საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე ის, უკვე დინამოელთა გვერდით, სრული დატვირთვით იქნება.


„მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დიდი დოზით ვიყავი ჩართული. რამდენიმე თამაშს ვუყურე, წინსვლის შანსი დავინახე და ამ ეტაპზე, ჩემპიონატმა ჩემი ინტერესი გამოიწვია. ვაპირებ, ჩემპიონობას და რა თქმა უნდა ნაკრებში დაბრუნებასაც", - ამბობს ლევან მჭედლიძე.


მანამდე კი, ვიდრე ლევანი „დინამო თბილისს" სრული დატვირთვით შეუერთდება, მისი გუნდი, ხვალ,  ივანწმინდას სტადიონზე, ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრას გამართავს საჩხერის „ჩიხურას" წინააღმდეგ.