
ეროვნული ლიგის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლა ყველა გუნდს, ვისაც უნდა ჩემპიონობა და ვისაც ლიგაში ადგილის შენარჩუნება, მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება მართებს. აქედან გამომდინარე, იქნება ბევრი სანახაობას მოკლებული თამაში, მაგალითად, ისეთი, როგორიც 28-ე ტურის შეხვედრა იყო ივანწმინდაში, ადგილობრივ „ჩიხურასა" და „დინამო თბილისს" შორის, შეხვედრა 3 ქულის მოსაპოვებლად.

„ჩიხურა" - „დინამო თბილისი" 0-2
მიუხედავად იმისა, რომ დინამოელებმა ძალზედ საჭირო 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში, ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩი, შეიძლება ითქვას, „დინამო თბილისისთვის" ყველაზე უღიმღამო და წვრილ-წვრილი შეცდომებით დახუნძლული იყო, მიმდინარე სეზონში გამართულ სხვა შეხვედრებს შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ცუდ მდგომარეობაში მყოფი მინდორის გარდა, ის არასაფეხბურთო და თამაშთან დაკავშირებული დისკომფორტი იყო, რასაც თბილისელები, საჩხერეში გადააწყდნენ, თუმცა, ის რომ 3 მატჩით, სოსო ფრუიძის გარეშე დარჩენილმა გუნდმა, თამაშის საწყის ეტაპზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია დინამოელებს ფაქტია. მატჩის საწყისიც მათი უპირატესობით გაიტანა. თუმცა, დინამოელებმა ნელ-ნელა მოახერხეს ვითარების გამოსწორება და საერთო ჯამში, მთელი თამაშის მანძილზე ბურთის კონტროლიც. მიუხედავად ამისა, შეხვედრის პირველ ნახევარში, ორივე გუნდმა ორ-ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

არ შეცვლილა ვითარებაც მეორე ტაიმში. თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ „დინამო თბილისი", აქ პროცენტულად, უფრო მეტ ხანს ფლობდა ბურთს, დინო ჰამზიჩსაც უფრო მეტჯერ მოუხდა თამაშში ჩართვა, სტუმრები კი, იმდენად საგოლე მომენტებში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას, რომ თავად ჰამზიჩიც კი გაკვირვებული იყო, რიგ შემთხვევებში. ამას გარდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რიგ მომენტებში, „დინამო თბილისის" რგოლებს შორის, ელემენტარულად წყვეტა იყო, რაც კლუბს, რომელსაც ჩემპიონობა უნდა, უახლოეს თამაშებში აუცილებლად გამოსასწორებელი აქვს.

მიუხედავად ამისა, თბილისელთა მცდელობებმა შედეგი გამოიღო. ერთ-ერთი შეტევის დროს, გიორგი ქიმაძის მორიგ აქტიურობას, ჩიხურელთა საჯარიმოში გადაცემა მოჰყვა. იქ კი, ლევან კუტალია იყო კარგ მდგომარეობაში, რომელმაც საჩხერელები იძულებული გახადა წესები დაერღვიათ. ამას კი, მათი კარის მიმართულებით დანიშნული 11-მეტრიანი მოჰყვა, რომელიც თავად კუტალიამ შეასრულა ზუსტად. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მიწურულს კი, ლევან კუტალიამ, შეცვლაზე შემოსული გიორგი კუხუანიძის გადაცემის შემდეგ, ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ელიგის გოლეადორთა დავაში კი, 17 გატანილი გოლით დაწინაურდა.

ივანწმინდაში, „დინამო თბილისის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მათე კვირკვიას. თბილისელები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს „დინამო არენაზე" ბოლნისის „სიონის" წინააღმდეგ გამართავენ.
„დინამო" ბთ - „საბურთალო" 1-0
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც ბათუმში, ტრადიციულად „ანგისას ბაზაზე" გაიმართა, ადგილობრივმა „დინამომ", მოქმედი ჩემპიონი, „საბურთალო" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ქართულ საფეხბურთო წრეებში „გეგუჩაძის სამწვრთნელო გუნდის" სახელით ცნობილი ორი მწვრთნელის, თავად გია გეგუჩაძისა და ერთ დროს მისი სამწვრთნელო გუნდის წარმომადგენლის გიორგი ჭიაბრიშვილის დაპირისპირებისას ნათელი იყო, რომ მწვრთნელებს მოწინააღმდეგის ტაქტიკური მონახაზებზე ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში, ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა.
თუმცა, გარემომ და კიდევ ერთხელ, ჩვენი გვერდის სახელით გვინდა დავაფიქსიროთ, რომ „ანგისასზე" თამაშები ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების ყოველგვარი დაცვის გარეშე მიმდინარეობს და „კოკას ყოველთვის არ მოაქვს წყალი", სიფრიფანა ბოძებზე და მასზე გადაჭიმულ ბადეზე შემომჯდარი ხალხი, ელემენტარულად რაღაც ტრაგედიის მომასწავებელი შენელებული ნაღმია და არა მატჩებზე ხალხის დასწრების კუთხით, საიმიჯოდ სატრაბახო, ბუნებრივია, რომ მსაჯებზეც დიდ დატვირთვას და გავლენას ახდენს. ალბათ, ამის გამო იყო, რომ შეხვედრის მე-11 წუთზე, ჯენერი ხორავამ, ორმხრივი დაპირისპირების შემდეგ, მხოლოდ საბურთალოელი ელვინ ტერასთვის გაიმეტა ყვითელი ბარათი, ვლადიმერ მამუჩაშვილის ქცევა კი „გაატარა", თუმცა, ისევე, როგორც პირველი ტაიმის დასრულების შემდეგაც - გასახდელისკენ მიმავალ მსაჯებს, რომ ეკამათებოდა. ეროვნული ლიგის ისტორიაში კი, მსგავსი შემთხვევების დროს (დასრულებული ტაიმი გავქსვ მხედველობაში), დასჯილი ფეხბურთელი, მაგალითად გორის დილელი, მიკოლა კოვტალიუკი, გასულ სეზონში, კარგად გვახსოვს.


ბუნებრივია, ასეთი შეფასებისას სულაც არ ვუკარგავთ ბათუმელებს გარჯას. პირიქით, მოქმედ ჩემპიონთა „დინამო", როგორც მოსალოდნელი იყო ფავორიტი იყო წყვილში და ალბათ, რომ არა ლაზარე კუპატაძე, ანგარიში უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო და უფრო ადრეც უნდა გახსნილიყო. თუმცა, ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, თანაც ალბათ, ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ულამაზესი ჯოვინო ფლამარიონიმ, შეხვედრის 74-ე წუთზე, მას შემდეგ გაიტანა, რაც სტუმრები ერთი კაცით ნაკლები დარჩნენ მოედანზე. 62-ე წუთზე ჯენერი ხორავამ, ამჯერად დამსახურებულად დასაჯა ელვინ ტერა და საბოლოოდ ჯამში, მისი მინდვრიდან გაძევება მოუხდა. ბათუმის „დინამომ" შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო და 28 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 58 ქულით პირველ ადგილზეა და მხოლოდ, 1 ქულით უსწრებს „დინამო თბილისს", რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს გამართული.
„ვიტ ჯორჯია" - „გორის დილა" 0-2
„დინამო თბილისთან" მარცხის შემდეგ, „ვიტ ჯორჯიამ" ამჯერად გია ნემსაძის გორის „დილასთან" წააგო. „დილამ", მიხეილ მესხზე 2 გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრა კი, მე-5 წუთზე ვასილ ქისიევის ავტოგოლით გაიხსნა. მეორე გოლი გორელებმა თამაშის ბოლო წუთზე გაიტანეს. „ვიტ ჯორჯიას" კარი, „დილაში" დაბრუნებულმა მიკოლა კოვტალიუკმა აიღო. 28-ე ტურში გამარჯვების მიუხედავად, გორის „დილა" კვლავ ე.ს. „გასავარდნ ზონაში იმყოფება. „ვიტ ჯორჯია" კი, 17 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა.
„სიონი" - „ტორპედო" 2-0
ბოლნისის „სიონმა", რომელიც პლეი-აუტის ზონაშია, 28-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოს" დამარცხება მოახერხა. შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა, ოთო გოშაძის გადაცემის შემდეგ გახსნა, 1-0. მეორე ტაიმში კი, 52-ე წუთზე, ლავან ხმალაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 2-0. ამ დროისთვის სიონი 30 ქულით მერვე ადგილზეა. ტორპედო კი 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.
„რუსთავი" - „ლოკომოტივი" 2-1
მშვიდად ვერაა, მაგრამ ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცა „რუსთავს", რომელმაც 28-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს" უმასპინძლა და მეტად საჭირო „ქულები" დააკარგვინა. რუსთავში, სფფ-ს აკადემიის მინდორზე გამართულ შეხვედრაში, ვარლამ კილასონიას გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე გახსნა. გოლი, ბექა ქავთარაძემ გაიტანა, 1-0. მალევე, თბილისელები კაცნაკლულები დარჩნენ. გიორგი ვადაჭკორიამ მოედნიდან ირაკლი კობახიძე გააძევა. რუსთაველებმა კი, რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 74-ე წუთზე ანგარიშის ორამდე გაზრდა მოახერხეს. ამჯერად გოლი ლაშა ქოჩლაძის ანგარიშზეა, 2-0. დარჩენილ დროში „ლოკომოტივმა", მაინც მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა. პრესტიჟის გოლი 81-ე წუთზე, დათო კირკიტაძემ გაიტანა, 2-1.

ეროვნული ლიგის მომდევნო 29-ე ტური 28 და 29 სექტემბერს გაიმართება. იხილეთ კალენდარი
გათამაშების ცხრილი
სტატიაში გამოყენებულია „ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








