
გენო პეტრიაშვილის შემდეგ, საქართველოს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი შეემატა. ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ქართულ გუნდს, მორიგი მედალი 61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ მოუტანა.
ფინალში, ქართველი სპორტსმენი, რუსეთის წარმომადგენელს, მაგომედ რასულ იდრისოვს შეხვდა და 6-1 დაამარცხა. შესაბამისად, ლომთაძე, რომელიც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ, ვერცხლის მედალს ფლობდა, ახლა, უკვე ოქროს მედალიც შემატა კოლექციას.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლომთაძემ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა მოლდოველ მიჰაი ესანუს დიდი უპირატესობით, 10-0 მოუგო. ¼ ფინალში, ამერიკელ ტაილერ ლი გრაფს 3-1 აჯობა, ხოლო ½ ფინალში, ინდოელი რაჰულ ბალაშაჰებ ავარე დაამარცხა 10-6.
შეგახსენებთ, რომ ბექამდე, ნურსულთანში, 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 92 კგ წონით კატეგორიაში კი, ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. შესაბამისად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შედეგი გაიმეორეს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის, კიდევ ერთ მედლის მოტანა 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძესაც შეეძლო. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ ფრედერიკ სნაიდერთან ბრძოლა, 0-5 წააგო. მიუხედავად ამისა, ოდიკაძემ, „თავისუფალთაგან" გენო პეტრიაშვილის შემდეგ, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ნურსულთანშივე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების 2 ლიცენზიის აღება შესძლეს „კლასიკებმა" - იაკობ ქაჯაიამ და გიორგი მელიამ.





ჩვენ








