
ქართველი მოჭიდავე, ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გაცდენის მთავარ მიზეზად, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს, საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. თავდაპირველად, დათუნაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებასა და ტოკიოს 2020 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვებას ულოცავს. შედეგ, კი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მას ეს შანსი მოუსპეს.
გთავაზობთ უცვლელად, ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში 22 სექტემბერს გამოაქვეყნა:
„ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.
მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.
მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით".
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილის, 2019 წლის 11 იანვარს, თბილისში, სპორტის სასახლეში მიმდინარე შეჯიბრის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დააკავეს, მოგვიანებით კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. გეგა გეგეშიძე ამ დრომდე ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას.





ჩვენ








