ნიკა ნინუამ პრიზი ჩაიბარა
ნიკა ნინუამ პრიზი ჩაიბარა
23.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვეს. „დინამო თბილისის" ფეხბურთელ ნიკა ნინუას პრიზი ყოფილმა დინამოელმა, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდერ იაშვილმა გადასცა.


შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელიც ყოველი წრის შემდეგ ტარდება საუკეთესო ფეხბურთელის გარდა საუკეთესო 11 მოთამაშე და მწვრთნელიც სახელდება. აღნიშნულ გამოკითხვაში მესამე წრის შემდეგ, მხოლოდ 4 კლუბის წარმომადგენლები მოხვდნენ. „დინამო თბილისის" შემადგენლობიდან, ნინუას გარდა, ნოდარ ქავთარაძე ლევან კუტალია და ვიქტორ მონხილი მოხვდნენ.  თბილისელებივით 4 ფეხბურთელი მოხვდა საუკეთესო 11-ეულში, ბათუმის „დინამოდან" - მამუკა კობახიძე, ჯოვინო ფლამარიონი, ჯაბა ჯიღაური და ლევან გეგეჭკორი. მე-3 წრის გუნდში ორი, ლუკა სილაგაძე და გიორგი მამარდაშვილი, „რუსთავიდან" არის და ერთიც, სანდრო ალთუნაშვილი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონიდან „საბურთალოდან".




სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშების მე-3 წრის ამ შედეგებს თუ გადავხედავთ, აღნიშვნის ღირსია, რომ საუკეთესო 11-ს შორის მოხვედრილთაგან 7 ფეხბურთელი სხვადასხვა წელს, სწორედ „დინამო თბილისის" ღირსებას იცავდა.


რაც შეეხება განვლილი წრის საუკეთესო მწვრთნელს, ის ვარლამ კილასონიაა. „რუსთავში" დაბრუნების შემდეგ, მეტალურგთა ქალაქის გუნდმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და ამ მომენტისთვის ახერხებს, რომ სატურნირო ცხრილში, სახიფათო ზონისთვის თავი აქვს დაღწეული და მე-6 საფეხურზე იმყოფება. ვარლამ კილასონიას, სპეციალური პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.


სფფ-ს ფოტოები / ავტორი: ლაშა კუპრაშვილი