რევაზ დავითაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონია
რევაზ დავითაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონია
23.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

გიორგი ასანიძის „სამჭედლოში" კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონის სახელი ჩაიწერა. დღეს, ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საასპარეზო დღეს მედლები 89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ დავითაძემ  მოიპოვა. რეზიმ, საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.


როგორც ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელი იტყობინება, 21 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.


რევაზ დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და ატაცში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამის შემდეგ, დავითაძემ აკვრაში 199 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


შეგახსენებთ, რომ რეზი, 20 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი არის. იგი 2018 წელს, საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა.


ხვალ, ტაილანდის ფიცარნაგზე ოლიმპიური წონაში 96კგ-ში იასპარეზებენ. ამ წონით კატეგორიაში, ანტონ პლესნოი  გამოდის. ასპარეზობა თბილისის დროით, 0 14:55 საათიდან დაიწყება.