
საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა. ამჯერად, ბადალონაში, 20 ქულიანი სხვაობით 86-66 და ორი შეხვედრის ჯამში, გათამაშებას გამოეთიშა. თუმცა, დინამოელები ევროპის საკლუბო ტურნირზე გამოსვლას ამით არ ასრულებენ. თბილისის „დინამო" ფიბას თასზე გააგრძელებს ასპარეზობას.
„სამწუხაროდ განმეორებით შეხვედრაშიც დავმარცხდით ანგარიშით 66:86. მეოთხე პერიოდში თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც აისახა თამაშის შედეგზე. ეს პირველი გასვლა იყო ევროპულ სარბიელზე და ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით", - ეს არის დინამოელთა განცხადება, რომელიც კლუბმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტების „მკაცრად განსჯას", პირადად ჩვენი გვერდი არ აპირებს. მითუმეტეს, რომ ქართული კლუბებიდან, სწორედ თბილისის „დინამომ" „გარისკა" ევრიპულ საკლუბო ტურნირებში დაბრუნება, მაგრამ ესპანეთში გამართულ თამაშს ვერ გავექცევით.
კატალონიური "ჯიუვენტუტსა" და თბილისის "დინამოს" განმეორებითი შეხვედრა, თითქმის ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც 3 დღით ადრე თბილისში. კატალონიელები თემატურად და ნაბიჯ-ნაბიჯ იმყარებდნენ სათამაშო პოზიციებს და პირველი პერიოდის მოგება 13 ქულიანი სხვაობით 23-16 მოახერხეს. დინამოელთა შორის, შეხვედრის ამ ნაწილშიც და მოგვიანებითაც სერბი, ნიკოლა გაჩეშა გამოირჩეოდა. მას თბილისური თამაშისგან განსხვავებით მხარი აუბა ილია ლონდარიძემაც, რომელმაც საერთო ჯამში ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა დააგროვა.
მეორე მეოთხედი თბილისელებმა მოიგეს 10-20 და შესაბამისად პირველი ტაიმიც, ჩვენების სასარგებლოდ დასრულდა - 33-36. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა ამ პერიოდში გარდატეხის შეტანა, მეოთხედის დამთავრებამდე 03:35 წუთით ადრე მოახერხეს, როდესაც ანგარიში, ჯერ ერთ ქულამდე შეამცირეს 27-26, ხოლო შემდეგ, 10 ქულით გაზარდეს. მეოთხედის ამ მონაკვეთში კატალონიელებმა მხოლოდ 6 ქულის მოგროვება შესძლეს.
მესამე პერიოდის დასაწყისშივე ქართველები რამდენჯერმე ზედიზედ ჯარიმდებიან, რასაც კარგად იყენებენ მასპინძლები. მათ შორის, ლიდერობა საკუთარ თავზე კატალონიელმა ჯორდანმა აიღო და 2-ჯერ ზედიზედ ბურთიც კი „გადაგვატენა თავზე". ამის შემდეგ, ბერიშვილმა და დიმიტრევიჩმა გაცვალეს 3-ქულიანები. ალბათ, ამ პერიოდში, დინამოელთაგან აღნიშვნის ღირსიც სწორედ, მიხეილ ბერიშვილია. პერიოდს კი „დინამო", საწყისი მეოთხედის მსგავსად 23-16 აგებს, საერთო ანგარიში კი ამ დროს 56-52 არის. შესაბამისად, არის შანსიც, რომ თბილისელებმა ბოლომდე იბრძოლონ და თამაშის გადარჩენა შესძლონ.
მეოთხე პერიოდამდე ბიჭებმა, იბრძოლეს. ყოველ შემთხვევაში გააკეთეს მაქსიმუმი, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ პირველი თამაშის გმირმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, დღეს მოედანზე ძალიან მცირე დრო დაჰყო, 10:09 წუთი და მხოლოდ 2 ქულის დაგროვება შესძლო. დააკლდათ გამოცდილება და შეუთამაშებლობამაც კვლავ იჩინა თავი. თუმცა, იმის ილუზია, რომ „დინამო" ჩემპიონთა ლიგის, ამ 2-რაუნდიანი დაპირისპირების გადარჩენას შესძლებდა, არავის ჰქონია. ბოლო მეოთხედი ქართველებმა 16 ქულით 30-14, ხოლო თამაში 20 ქულით, 86-66 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო" განახლებული შემადგენლობით 12 დღის წინ შეიკრიბა. ჩემპიონთა ლიგაზე, „დინამოელებმა" პირველი შევხედრა თბილისში 60-72 დათმეს.





ჩვენ








