ირანში „ყინული დაიძრა“?
ირანში „ყინული დაიძრა“?
24.09.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ირანი ქალებს საფეხბურთო შეხვედრებზე სტადიონებზე დასწრების უფლებას მომავალ თვეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრების დაწყებიდან მისცემს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ირანში, უკვე 40 წელია მსგავსი რამ არ ყოფილა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.



ირანი, ამ დრომდე, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სტადიონებზე ქალების შესვლას ჯერ კიდევ იკრძალება და მცდელობაც კი, კანონით ისჯება. ამის დასტური იყო საჰარ ჰოდაიარის შემთხვევაც  - ახალგაზრდა ქალმა სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი გუნდის თამაშს სტადიონის ტრიბუნიდან უყურა, თავი დაიწვა. მოგვიანებით კი, მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ეს ფაქტი გახდა ინტერნეტში და არა მხოლოდ იქ,  დიდი პროტესტის მიზეზი. ამ პროტესტმა კი, აიძულა FIFA ამ მიმართულები მუშაობა გაეაქტიურებინა. შედეგად ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ „აიძულა" ირანი დათმობებზე წასულიყო და წესით მალე, ირანში, ეს აკრძალვა წარსულს ჩაბარდება.


ამ დროისთვის, ირანმა კი დადო პირობა, რომ უახლოეს ოფიციალურ თამაშზე ქალებს სტადიონზე დაუშვებს, თუმცა, პირობა ჯერ მხოლოდ პირობაა... FIFA-ს მოთხოვნა კი, მკაფიო და უცვლელია. მით უმეტეს, რომ ირანის ეს აკრძალვა, არღვევს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეთიკის კოდექსს, რომელიც ცალსახად ემიჯნება ყველა ტიპის დისკრიმინაციას, მათ შორის გენდერულ დისკრიმინაციას.


Amnesty Interanational-ის წარმომადგენლების განცხადებით როგორც FIFA-მ, ასევე აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ეს აკრძალვა რაც შეიძლება მალე გააუქმოს ირანმა.




ირანელი ქალების მოძრაობა „Open Stadiums"  თვლის, რომ  FIFA, უბრალოდ ცდილობს თავის დაიძვრინოს შექმნილი ვითარებიდან და არ აალაპარაკოს საზოგადოება, რომ ფიფა-მ მომხდარზე რეაგირება არ მოახდინა, რადგან 10 ოქტომბრის თამაშზე, სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულმა ნაკრებმა კამბოჯას უნდა უმასპინძლოს. AFC-ს (აზიის ფეხბურთს კონფედერაცია) ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 4600 ბილეთი არის განსაზღვრული ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ დაესწრონ, აზიის საკვალიფიკაციო მატჩს,  ირანის ისლამური რესპუბლიკისა და კამბოჯას ეროვნული ნაკრებების შორის, თეირანში, აზადის სტადიონზე. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ქალები, მათთვის კონკრეტულად გამოყოფილ სექტორში უნდა დასხდნენ.


ასეა თუ ისე, FIFA-ს აქტიურობის მიუხედავად, როგორც ჩანს, 10 ოქტომბრის მატჩი იქნება გამონაკლისი, საერთო აკრძალვა კი, ოფიციალურად, ჯერ  კვლავ ძალაში რჩება.



ფოტოზე არის 5 ირანელი ქალი, რომლებიც აზადის სტადიონზე გადაცმულები შეიპარნენ