ანტონ პლესნოი - კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოდან
ანტონ პლესნოი - კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოდან
24.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, ანტონ პლესნოიმ ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ძალოსანთა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს მორიგი ოქრო მოუტანა. 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანმა, ატაცში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და თანაც, რამდენიმე რეკორდი დაამყარა.


„მედლის მოლოდინი მქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ რაც ჩავიფიქრე გამოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო, მთელს სამწვრთნელო შემადგენლობას, რომლებიც მომზადებაში მეხმარებოდნენ. მეხმარებოდნენ, ამ მიზნის მიღწევაში. მადლობა საქართველოს, რომ მქომაგობს. მიყვარს საქართველო, მიყვარხართ ყველა", - ამბობს ანტონ პლესნოი შეჯიბრის დასრულების შემდეგ.


უკრაინული წარმოშობის საქართველოს ნაკრების წევრმა, ატაცში 172 / 177 / 181 აიტაცა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ბრწყინვალე იყო პლესნოი აკვრაში. მან აქაც სამივე მისვლა (203 / 209 / 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდ., ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


პლესნოიმ, დღევანდელი შედეგით ევროპის 23 წელამდე და საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ყველაფერთან ერთად კი, ანტონ პესნოიმ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის ასაღებად, ერთი ნაბიჯით წაიწია, რადგან 96 კგ ოლიმპიური თამაშების წონითი კატეგორიიდან ერთ-ერთი არის. შეგახსენებთ, რომ საბოლოოდ, ძალოსნობაში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელთა ვინაობას ევროპის ჩემპიონატი გადაწყვეტს, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.


პატაიას ფიცარნაგზე, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე 3 დღე რჩება. საქართველოს ნაკრებიდან კი, სამ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ხვალ, 25 სექტემბერს, 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს.  ქართველ მაყურებელს, პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა 17:25 საათიდან შეეძლებათ.


27 სექტემბერს კი დილის 8 საათიდან გველის სანახაობა. თავდაპირველად 109 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გიორგი ჩხეიძე დაიწყებს. 12:55 საათიდან კი საქმეში, საქართველოს ნაკრების „ჯოკერი"  ლაშა ტალახაძე ჩაებმება.