ერთი მოიგეს და ერთიც წააგეს
ერთი მოიგეს და ერთიც წააგეს
26.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „პეტრო არენაზე" საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ისრაელის ნაკრები 2-0 დაამარცხა. „ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში, ეს არჩილ ჩხაბერიძის გუნდისთვის მეორე ამხანაგური შეხვედრა იყო. პირველში ქართველი გოგონები მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ 1-2, თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე გოლი, ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის მიწურულს გაუშვეს. შესაბამისად ორდღიან შუალედში, მწვრთნელებს, გუნდთან ბევრი სამუშაო ჰქონდათ ჩასატარებელი.




„პირველ თამაშში, დასანანი იყო, რომ წავაგეთ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რაც ჩვენს გუნდს იმ თამაშში ჰქონდა და მათზე გავამახვილეთ ყურადღება ისრაელთან მეორე მატჩშიც. დღეს, თამაშის დროს, გუნდმა დავალების 95% შეასრულა. მათ შორის სტრატეგიის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო თამაშები იშვიათად გვიწევს, გოგოებმა ძალიან კარგად შეასრულეს ყველა ის დავალება, რაც მიცემული ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, იყო სათამაშო დისციპლინის დაცვა. რა თქმა უნდა ისრაელთან პირველი თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდის სისტემაში და ტაქტიკაში შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები და ამანაც დიდი როლი ითამაშა დღევანდელი თამაშის წარმატებაში", - ამბობს არჩილ ჩხაბერიძე.




ისრაელი გოგონათა ნაკრები ფიზიკურად კარგად მომზადებული და დისციპლინირებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. გუნდი მოედნის ყველა მონაკვეთში არ ერიდებოდა ბრძოლას. ამას გარდა, პირველი თამაშიდან გამომდინარე, ებრაელებმა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლიზი მწყერაშვილი, მარტივად, რომ ვთქვათ „ჩაკეტეს", თუმცა, საქართველოს ნარების 11-მა ნომერმა ამ შეხვედრაში მაინც მოახერხა გოლის გატანა. მწყერაშვილმა ისრაელის კარში ბურთი შორი მანძილიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა.




„როგორც ჩანს, მწვრთნელებმა, თამაშის ანალიზისას ლიზიზე გაამახვილეს ყურადღება. ლიზი სწრაფი, ინდივიდუალურად ძალიან კარგი დრიბლიორი გვყავს. შესაბამისად, ლიზიზე იყო მეტი ყურადღება გადატანილი და მას, პრაქტიკულად, დღეს იმდენი ეფექტი არ ჰქონია, რაც წინა თამაშში.  მაგრამ ეს, რომ ასე იქნებოდა ჩვენც გავთვალეთ. ლიზი კარგად გამოვიყენეთ სტანდარტულებზე და დაცვით ფაზაში ვამუშავეთ. ჩვენი გუნდის შეტევა სხვა კუთხით ავაწყეთ. რა თქმა უნდა, ამ კონტრშეტევაზე თამაშმა დადებითად იმოქმედა და წარმატებაც, ამის ფაქტორი იყო. მინდა ყველა მწვრთნელს, რომლებიც ქალთა ფეხბურთს ვემსახურებით, მადლობა გადავუხადო", - ამბობს არჩილ ჩხაბერიძე.




მეორე გოლი, მეორე ტაიმში დღევანდელ შეხვედრაში, ეთერ სულაშვილმა გაიტანა. „გორი იუნაიტედის" ფეხბურთელს, სხვათა შორის, ამავე ტაიმში, ისრაელის 17-წლამდე გოგონათა კარის აღების კიდევ ორი შანსი ჰქონდა. საქართველოს 17-წლამდე გოგონებმა, როგორც აღვნიშნეთ, ეს შეხვედრა 2-0 მოიგეს.




„ეს, 2 თამაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდი 20 ოქტომბერს ევროპის შესარჩევი ტურნირზე მიემგზავრება. გვაინტერესებდა, რამდენად ვიყავით მზად, ევროპის დონის სისწრაფეებისთვის და ამას გარდა, ეს 2 თამაში იყო გამოცდილება, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი. ისრაელის ნაკრების შერჩევისას ვეცადეთ, რომ ევროპული ტიპის გუნდი გვყოლოდა სპარინგად, ამ ეტაპისთვის ეს, ოპტიმალური ვარიანტი იყო", - ამბობს არჩილ ჩხაბერიძე.




საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის შესარჩევი ჯგუფისთვის 12 ოქტომბრიდან შევა შეკრებაზე.  ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მე-8 ჯგუფში ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის მატჩები 20-26 ოქტომბერს, სერბეთში გაიმართება.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების თამაშების განრიგი ასეთია:

20 ოქტომბერი, 14:00  /  ჩეხეთი - საქართველო

23 ოქტომბერი 16:00  /  სერბეთი - საქართველო

26 ოქტომბერი 16:00  /  საქართველო - უკრაინა




თუმცა, სერბეთში გამგზავრებამდე, ისრაელთან მატჩებისთვის საქართველოს ქალთა ნაკრებების  სამწვრთნელო შტაბს გამოძახებული ჰყავდა შემდეგი 23 მოთამაშე:

მეკარეები: ლიკა მარკოიძე (ზარზმა, ახალციხე), ანა ლომსაძე (კოლხეთი, ხობი)

მცველები: ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (ნორჩი დინამო, თბილისი), თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი), მარიამ ჯანჯარია (კოლხეთი, ხობი), თამარ ბუდედაშვილი (გორი), მარიამ ბერაშვილი (გორი), დიანა ბაქრაძე (ივერია, ხაშური)

ნახევარმცველი: მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი), ანა ხავთასი (დინამო, ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), ანი კვახაჯელიძე (ზარზმა, ახალციხე), მარინა გასუმოვა (ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ ბეგიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი), მარიამ რომანჩუკი (ლანჩხუთი), მანანა ვაშაკიძე (კოლხეთი, ხობი), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი)


სრული ფოტო-ალბომი