აიტაცა და აკრა!
აიტაცა და აკრა!
27.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ლაშა ტალახაძემ, საქართველოში, ქვეყნის პირველობის დროს დამყარებული მსოფლიო რეკორდი, რომელიც ოფიციალურად არ ითვლებოდა, დღეს, ტაილანდში მომდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოფიციალური გახადა. საქართველოს 3 გზის საუკეთესო სპორტსმენმა, მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და პატაიაში ჩატარებული 10-დღიანი მარათონი, ქართული ჰიმნით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წლის 1 ნოემბერს ძალოსნობაში წონები შეიცვალა და შესაბამისად ძველი მიღწევებიც „განულდა" ლაშა ტალახაძე +109 კგ წონით კატეგორიაში, რეკორდებს თავად ხსნის და ამყარებს.


მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა, ატაცში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა, ამასთან რეკორდიც დაამყარა. ლაშამ 208 კგ-დან დაიწყო ასპარეზობა და სამ მისვლაზე ერთი-მეორეს მიყოლებით  208 / 215 / 220 კგ. დაძლია.


ქართველმა ძალოსანმა აკვრაში „თავი შეინახა" და საბოლოოდ მხოლოდ, 264 კგ-ს დასჯერდა, რაც მსოფლიო რეკორდის ტოლფასი იყო. ამ შედეგით, ლაშა ტალახაძემ ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს რეკორდი (263 კგ) გააუმჯობესა. ახლა, ქართველს ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესებამდე, რომელიც 1988 წლის 26 ნოემბერს სსრკ-ს სახელით მოასპარეზე ლეონიდ ტარანენკოს ეკუთვნის (266 კგ აკვრაში) 2 კილოგრამი აშორებს (შედეგი კი განულებულია, მაგრამ ისტორიაში, მაინც არის შემონახული).


საინტერესოა ის გარემოება, რომ ლაშამ, ორჭიდის ჯამში, უკვე აკვრაში, ფიცარნაგზე პირველი მისვლისთანავე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ქართველმა, საწყის წონად 247 კგ დააყენებინა, შემდეგ 255 კგ დაძლია, თუმცა, ამ დროს, მისმა მეტოქეებმა უკვე გამოსვლა შეწყვიტეს. ამის შემდეგ ლაშა ტალახაძე, რომელიც უკვე საბოლოოდ მხოლოდ, თავის თავს ეჯიბრებოდა, აუღელვებლად აკრა ახალი მსოფლიო რეკორდი, 264 კგ, თან ისე, რომ სამომავლოდ მარაგის არსებობაც დააანონსა.


ამ შეჯიბრში, ქართველმა მესამე მსოფლიო რეკორდი ორჭიდში დაამყარა - ქართველის მაჩვენებელი აქ, 484 კგ არის.


შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.