7 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბება
7 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბება
01.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, უეფა-ს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის მორიგი თამაშისთვის ცნობილია. სფფ-მ ოქტომბრის ფანჯრის დროს, ვლადიმირ ვაისის მიერ გამოძახებული 24 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ირლანდიასთან და გიბრალტართან თამაშებისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)


მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)


თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

ასევე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობაც, ვისაც ვაისი, საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ: ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი).

 

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, ჟურნალისტების ნაწილის დაჟინებულმა ინტერესმა, გიორგი ხარაიშვილთან დაკავშირებით, „შედეგი" გამოიღო. ვაისმა ხარაიშვილს დაუძახა, დანარჩენი კი, ფეხბურთელის მარიფათზეა დამოკიდებული.  კიდევ ერთ გარემოება, ოქტომბრის ფანჯრის დროს, ეროვნული სამწვრთნელო შტაბმა, ასაკობრივი ნაკრებების ინტერესებიც გათვალა და ახალგაზრდულ და 19-წლამდე ნაკრებებს, საშუალება მისცა, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში, ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი დაეხმარათ.

 

კერძოდ, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს შეუერთდება. ციურიხის ქართველი ლეგიონერი, 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ყაზანის "რუბინის" 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში,  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის  2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრისთვის 7 ოქტომბერს შეიკრიბება. ტრადიციულად გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში" დაბინავდება და საწვრთნელ ვარჯიშებს სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს.

 

ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე", ირლანდიას დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

 

თბილისში, შეხვედრა 12 ოქტომბერს 17:00 დაიწყება. ირლანდიასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი, უკვე დაწყებულია. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.


თამარ ჯიშკარიანის ფოტო