ლარკიას შემდეგ პანგპოჩე II და პანგპოჩე I
ლარკიას შემდეგ პანგპოჩე II და პანგპოჩე I
04.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნეპალის მთავრობამ, თითო უცხოელი მთამსვლელისგან 200-200 დოლარი, ქართველებისგან კი, საერთო ჯამში 1200 დოლარი აიღო, იმის გამო, რომ სამმა ქართველმა მთამსვლელმა არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილმა მანასლუს მასივში ორი აუსვლელი მწვერვალი გაიარეს. თუმცა, თანხის გადახდა, ამ შემთხვევაში მთაზე ასვლის ნებართვაა. ნეპალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი, აუსვლელი მთების „პროგრამა", რომელიც 2014 წლიდან ამუშავდა და 2019 წლის შემოდგომიდან კვლავ გაიხსნა, ახალი თავგადასავლების მაძიებლების მოზიდვაში და შესაბამისად, ახალი ტურისტული მარშრუტების ამუშავებაში შეუწყობს ხელს. ვერაფერს იტყვით, საკმაოდ მაცდური წინადადებაა.


ჩვენთვის, ქართული ალპინიზმის გულშემატკივარისთვის კი, უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტო, რომ სრულიად უცხო ქვეყანაში, გზას, რომელსაც მომავალში მრავალი მოყვარული თუ პროფესიონალი მთამსვლელი გაივლის ქართველების გზის სახელით იქნება ცნობილი.


მას შემდეგ რაც 23 სექტემბერს, ბადრიაშვილი-ტეფნაძე-გელაშვილის სამეულმა, მოახერხა 6,504 მ. სიმაღლის მწვერვალზე პანგპოჩე II პირველად ასულიყო, რამდენიმე დღის შემდეგ, 3 ოქტომბერს, მათ  პანგპოჩე I-ის (6,620 მ) მწვერვალზეც შესძლეს ასვლა. შესაბამისად, ამ და წინა წლებში ამ ჯგუფის მიერ ეს, ჰიმალაებში შესრულებული უკვე მესამე სახელობითი მარშრუტია. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ქართველებმა, ნეპალში, მწვერვალი ლარკიას გაუვლელი მარშრუტი იარეს.


ნეპალური გამოცემები აღნიშნავენ, რომ 2014 წელს მთების „გახსნის" შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც, ერთმა გუნდმა ორივე მწვერვალის გავლა მოახერხა. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ მანასლუს მასივში ქართულ გუნდს, უამინდობაში, საკმაოდ რთულ მეტეო-პირობებში მოუხდა მარშუტის გავლა, რომელიც ამავდროულად ტექნიკურადაც საკმაოდ რთული გამოდგა.