საკალათბურთო ლეგიონი
საკალათბურთო ლეგიონი
07.10.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ", რომელსაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება არ ჰქონდა, პირველი 2 ქულა მოიპოვა. კანარის კუნძულელები მესამე ტურში სტუმრად "მანრესას" შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით - 75:74 დაამარცხეს.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის პირველი ნახევარი სტუმრებმა 7 ქულით მოიგეს. სწორედ 7 ქულით იმარჯვეს მანრესელებმა მესამე პერიოდში და ბოლო ათწუთეულში ყველაფერი ახლიდან დაიწყო. გადამწყვეტი პერიოდი კანარის კუნძულელებმა 19:18 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით დაასრულეს.

გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 25 წუთი ითამაშა. ამ დროში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. გამარჯვებაში კი, 18-ქულიანი წვლილი იოანის ბურუსისმა შეიტანა. მან 19 წუთში 18 ქულას მოუყარა თავი.




ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ბევრისთვის მოულოდნელად შინ დამარცხდა თორნიკე შენგელიას "ბასკონია". წინა ტურში "უნიკახამ" შინ "ტენერიფესთან" წააგო და თითქმის წარმოუდგნელი იყო, რომ ამჯერად ევროლიგის წარმომადგენელ ამბიციურ "ბასკონიას" დაამარცხებდა. თუმცა ბასკებმა გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ "უნიკახასთან" ბოლო წამებზე 77:78 დათმეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთიც ითამაშა. ამ დროში მან 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მატჩის გმირი კი მალაგელი ჯოშ ადამსი გახდა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი და "უნიკახას" გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

"ბასკონიას", ისევე როგორც შერმადინის "ტენერიფესა" და ბურჯანაძის "გრან კანარიას" სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს. 13 ოქტომბერს ბასკურ დერბიში ბასკონია სტუმრად ბილბაოს შეხვდება.




ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის "ტენერიფემ". ამჯერად მისი მოწინააღმდეგე მადრიდის "რეალი" იყო.

დედაქალაქელებთან საშინაო შეხვედრა "ტენერიფემ" სტაბილურად წარმართა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე სერხიო ლულის სიზუსტემ მოგება სტუმრებს მოუტანა.

საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო (71:73), სწორედ ამ დროს ჩააგდო ლულმა შორეული სამქულიანი, "რეალი" 76:71 დააწინაურა და მატჩი ასეც დასრულდა.

ლულმა 19 ქულა ჩაიწერა, თუმცა სარგებლიანობის კოეფიციენტით მას ერთი ათეულით აღემატებოდა გიორგი შერმადინი, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს უწია.

გიორგიმ 30 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 12-დან 9 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მქკ კი, 26 ჰქონდა.

სამი ტურის შემდეგ "ტენერიფეს" 1 მოგება და 2 წაგება აქვს.