ხვალ, დუდუ დადიანის მემორიალის 1/2 ფინალებია
ხვალ, დუდუ დადიანის მემორიალის 1/2 ფინალებია
07.10.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. გია კაზანჯიანისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა ბათუმმა "გ" ჯგუფის ბოლო მატჩში 92:79 დაამარცხა ტიტები და ორიდან 2 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა. თითო მოგებ-წაგებით მეორე ადგილზე დამკვიდრდა ტიტები, ხოლო ჯგუფის ბოლო ადგილი 2 წაგებით ვერამ დაიკავა.


ბათუმელებს საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავთ როგორც ქართველებით, ისე - ლეგიონერებით. პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა 12 ქულით მოიგეს, თუმცა ტიტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ლაშა გამყრელიძის გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგა და მცირედით, თუმცა მომდევნო 2 პერიოდი მოიგო. შესაბამისად, თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა და ბოლო ათწუთეულის დასაწყისში სხვაობა 3-5 ქულა გახლდათ.


დასკვით წუთებში შესანიშნავად ითამაშეს ბათუმელებმა, განსაკუთრებით კი მათმა ამერიკელმა ლეგიონერმა - კოლინ მალკოლმმა და სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა. მათი მექულეობით ზღვისპირელთა ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია, ხოლო რეზო ჩაჩანიძემ ზუსტი სამქულიანით ბოლოსწინა წუთზე მატჩის ბედი საბოლოოდ გაარკვია. ბათუმმა 92:79 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე წაუგებლად გავიდა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ვუიოვიჩმა, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ჯენიუს პროველმა, ხოლო მალკოლმის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. სარგებლიანი იყო ლევან მასხულიაც, რომელმაც 13 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. ტიტებში 20 ქულითა და 9 მოხსნით ნიკა მეტრეველი გამოირჩა, ხოლო ტრისტინ უოლემ შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.




დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები დღეს გამოვლინდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის დასრულებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ გავიდოდა და როგორ დაწყვილდებოდა ნახევარფინალში. თსუ-სა და "ქუთაისის" შეხვედრამ ყველაფერი დაალაგა, მანამდე კი "კაკტუსმა" "რუსთავს" 98:90 სძლია და ფავორიტად მიჩნეული ქვემოქართლური გუნდი ჯგუფში ჩატოვა.


არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. პირველ ტურში "დინამოსთან"ბოლო წუთზე წაგების შემდეგ კაკტუსელებმა ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრისა და კანდიდატის, ასევე მარჯვე ლეგიონერების მყოლ "რუსთავს" 8 ქულით სძლიეს და ჯგუფიდან გასვლის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს. "კაკტუსს" 1 ქულით მეტით რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილს და ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და "დინამოსთან" პირადი მარცხის გამო მეორე ადგილს დასჯერდა.




ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თსუ "ქუთაისს" შეხვდა. ქუთაისელებს ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ 13 ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა 9 ქულით - 70:79 აქეთ დამარცხდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე ჯერ-ჯერობით ყველაზე ეფექტურად თამაშობს. მათ გუნდში დღეს დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რიკი მედისონს, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო კი პირველი შეხვედრის მსგავსად გიორგი ტურძილაძე გახდა 20 ქულით. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 19 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა.


თსუ-მ პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასულ "კაკტუსს" შეხვდება. კაკტუსელებმა პლეი ოფის საგზური საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მოპოვებით მოახერხეს. მეორე ნახევარფინალში "ბათუმი" და "დინამო" დაწყვილდნენ. 



ნახევარფინალური მატჩების განრიგი:
თსუ - კაკტუსი  17:00
ბათუმი - დინამო 19:00