მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის
მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის
08.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, „რესპუბლიკაში", UEFA-ს სასწავლო კურსის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ოფიციალურად გაიხსნა. სასერტიფიკატო კურსის 24 მონაწილეს შორის, ქართველებთან ერთად, 9 თვის მანძილზე, გერმანიის, დანიის, შოტლანდიის, ინგლისის, უელსის ფეხბურთს მმართველი ორგანოს წარმომადგენლები ისწავლიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პროგრამის მონაწილენი, საქართველოში საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები, ამჯერად UEFA-ს, IDHEAP-ს (Swiss Graduate School of Public Administration) ლექტორებისა და სფფ-ს წარმომადგენლებისგან,თანამედროვე მენეჯმენტისთვის უნარებს აითვისებენ.




აღნიშნული პროგრამის ინგლისურენოვანი კურსი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე მეორედ იმართება. კურსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და უეფას პროგრამების მენეჯერმა ალექსანდრა დანჩილამ მიმართეს.




„უეფას ფეხბურთის მენეჯმენტის პროგრამის საქართველოში ჩატარება, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, პრიორიტეტულია განათლების მიმართულება. რასაკვირველია, აღნიშნული პროგრამა უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო და მივულოცო კურსის დაწყება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტში ჩართულები არიან არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები, არამედ სტუმრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. რადგან საკუთარი გამოცდილებისა და იდეების გაცვლა დარწმუნებული ვარ ყველასთვის სასარგებლო იქნება", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.




სასწავლო პროგრამა რვა მოდულისგან შედგება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიკატები წერითი დავალებებისა და გამოცდის შედეგების საფუძველზე გადაეცემათ.

  • მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა;
  • სტრატეგიული მართვა;
  • ოპერაციული მართვა;
  • ფეხბურთის მარკეტინგი და სპონსორობა;
  • კომუნიკაციები, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვა.


ეს არის იმ სასწავლი კურსის ჩამონათვალი, რომელსაც პროექტის მონაწილენი გაივლიან.