
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, მ. მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, უეფა-ს ევრო 2021-ის შესარჩევი ქვეჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და ანგარიშით 0-2 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დანიის ნაკრები, ჩვენს გუნდზე ათი თავით მაღლა დგას (უეფა-ს რეიტინგში მე-7 საფეხურზეა) და ეს რეალობა ქართველთა გუნდსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, ამ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი სწორედ, ქართველმა გოგონებმა შექმნეს. შეხვედრის პირველსავე წუთზე, ხატია ჭყონიას, ჰქონდა ამ მატჩში გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. კიდევ ერთი მომენტი მე-7 წუთზე უკვე ტატა მატვეევამ გაუშვა ხელიდან. ამასობაში დანიელებმა ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და თითქმის მთელი თამაში მანძილზე, ჩვენს საჯარიმოში დაიდეს ბინა. შესაბამისად, ისევე, როგორც ერთი თვის წინ იტალიელებთან მატჩში, ამჯერადაც, დიდი ჯაფა გაწია საქართველოს ნაკრების მეკარემ თათია გაბუნიამ, თუმცა, დანიელებმა მას 2 გოლი მაინც გაუტანეს.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთაგან გოლები მე-14 წუთზე იენსენ გეილმა და 58-ე წუთზე იკოლინ ჰაუგარდმა გაიტანეს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად იტალიის წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, უკვე დანიაში დაუპირისპირდება დღევანდელ მეტოქეებს. შესარჩევი ჯგუფის დანარჩენ შეხვედრებს კი ქართველი ქალები უკვე 2020 წელს გამართავენ.

დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალნდაძე, მატვეევა (72' მ. დანელია), ჭიჭნაძე (61' ჩემინავა), ჭყონია (80' ნ. დანელია), ტატუაშვილი, სუთიძე, ბაქრაძე, თოდაძე, რაუხი
სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ნადირაშვილი, ქადაგიშვილი, აკობიძე, წოწერია, ხაბურზანია, სხირტლაძე, ბოლქვაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
დანია: აბელი, სავეცკე, კრისტიანსენი (76' მადსენი), ტროელსგაარდი, ნადიმი, ჰარდერი, ს. ლარსენი (76' ანდერსენი), იუნგე, პედერსენი, მ. იენსენი (46' სორენსენი), სვავა
სათადარიგო შემადგენლობა: კ. ლარსენი, სნერლე, ი. იენსენი, ჰოლმგაარდი
მთავარი მწვრთნელი: ლარს სუნდერგაარდი

მსაჯები: რეელიკა ტური (ესტონეთი), კაროლინ კაიოვა (ესტონეთი), ანი რაჰულა (ესტონეთი), ნადეზდა პოლკოვნიკოვა (ესტონეთი)
სატურნირო ცხრილი






ჩვენ








