ვადა 15 ოქტომბერს იწურება
ვადა 15 ოქტომბერს იწურება
09.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდი და დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის „ტორპედო" ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, „ლოკომოტივთან" მატჩამდე, საგანგებო განცხადების  გავრცელებას გეგმავდა. კერძოდ, ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე, გუნდის მხრიდან ვარჯიშის შეწყვეტის თაობაზე, თანაგუნდელების საერთო პოზიციას გაახმოვანებდა. თუმცა, 5 ოქტომბერს, იმ კონკრეტული მატჩის შემდეგ, ქუთათურებს განცხადება არ გაუკეთებიათ. ის შეხვედრა კი, 0-2 წააგეს და ფაქტიურად, ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, საპრიზო სამეულში მოსახვედრად, მხოლოდ თეორიული შანსი დაიტოვეს. ან მეორე გამოსავალი - წარმატებული გამოსვლა დავით ყიფიანის საქართველოს თასის გათამაშებაში. 5 ოქტომბერს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ტორპედო" ვარჯიშებზე უარს იტყოდა, თუმცა, მინდორზე დარჩენილ თამაშებზე მხოლოდ, საკუთარი გულშემატკივრის პატივისცემის გამო გამოვიდოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ დრეს, ტორპედოელთა მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, საქართველოში არ იმყოფებდა. მოკლედ, თემა სამომავლოდ, თუმცა, არც თუ ხანგრძლივი დროით გადაიდო.




როინ კვასხვაძის განცხადება

ტორპედოელითა განცხადების დრო კი, როგორც ჩანს, მას შემდეგ დადგა, რაც კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, საქართველოში დაბრუნდა და დღეს, ფეხბურთელებს შეხვდა. დღესვე, „ტორპედოს" კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ გუნდის სახელით განცხადება მედიისთვის, მათ შორის ჩვენი, თბილისური ვებ-პორტალისთვისაც გააკეთა.


„შესაძლოა, ეს განცხადება ცოტა უფრო ადრე, რომ გაგვეკეთებინა, იმის დრო იქნებოდა, რომ დამსხდარიყვნენ, ეფიქრათ და გამოსავალი მოეძებნათ. ახლა კიდევ, ღმერთი თუ ჩამოვა და ის მოგვეხმარება, თორემ... რამდენიმე თვეა  ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად ვთამაშობდით და გვინდოდა  გადაგვერჩინა კლუბი,  მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა  შეიქმნა, კვებაზეც კი, პრობლემაა. ფეხბურთელების ნაწილი ქუთაისში სხვადასხვა რეგიონებიდან და ქვეყნიდან არის ჩამოსულია და ბაზაზე ცხოვრობენ. ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის.   ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია,  ხუთი თვე რომ ხელფასი არ აგიღია ერთი თვე რას უშველის? ადგნენ და წავიდნენ ბიჭები. იმდენი დავალიანება აქვს კლუბს, მის გასტუმრებას მხოლოდ ინვესტორი შეძლებს. ეს  არის ჩვენი მიზანი, რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ფულს ჩადებს კლუბში. მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის პოზიციაც არის ის, რომ  თუ გამოჩნდება ინვესტორი, მაშინ დავბრუნდებით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კლუბი დაშლილია ფაქტიურად. პასუხის გამცემი არავინ არის და თუ ეს გუნდი ან ჩემი, ან კახა ჩხეტიანის არის, მაშინ გადმოგცენ, გვაჩუქონ ეს კლუბი და რამეს მოვიფიქრებთ", - ამბობს როინ კვასხვაძე.


ღმერთის იმედად დარჩენილი ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას უახლოეს დღეებში დააფიქსირებს. დღეს კი, ჩვენი ვებ-გვერდი ეცადა მას დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. ამასობაში, საათმა ათვლა დაიწყო და „ტორპედოს" „გადასარჩენად", ქუთაისური გუნდის კეთილმოსურნეებს ვადა 15 ოქტომბრამდე მისცა.




კლუბის პოზიცია


ამ მომენტისთვის, არსებული დავალიანებების გამო, „ტორპედოს" რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი სასამართლოში უჩივის, თუმცა, ძალიანაც არ „აწვებიან", რადგან კლუბის „ტკივილი" მათაც აწუხებთ. იჩივლებენ თუ არა, მოქმედი ტორპედოელები, ალბათ დროის, ან პრობლემის დარეგულირების საკითხია, თუმცა, ის, რაც ხელშეკრულებებში წერია და ყველა ვარიანტში გასასტუმრებელია, ტორპედოელებს სწამთ, რომ აუცილებლად გაისტუმრებენ, თუმცა, ესეც დროის საკითხია. მოედანზე დაბრუნებას კი, ფეხბურთელები ინვესტორის გამოჩენამდე არ აპირებენ. უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ კლუბი არ დაჯარიმდეს და კიდევ ამ გარემოებების გამო, სამომავლოდ, „ტორპედოს" არ შეექმნას ახალი თავისტკივილი, ჩემპიონატისა და სათასო შეხვედრებში, გუნდის სათადარიგო მოთამაშეები გამოვლენ.


ქუთაისში თვლიან, ფეხბურთელების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, მხედველობაში კვასხვაძის მიერ გაკეთებული განცხადებაა კარგია და იმედოვნებენ, რომ პროცესების დაჩქარებას შეუწყობს ხელს. კლუბში, არ უარყოფენ, რომ ზოდად, „ტორპედოში" ეს სიტუაცია მიმდინარე გათამაშების პირველივე დღეებიდან დაიწყო, ვეღარ გამოსწორდა, ფეხბურთელებმაც, ვერ დაინახეს, ქმედითი ნაბიჯები და განცხადება გააკეთეს. თუმცა, მანამდე, 2019 წლის სეზონის დასაწყისიდან, ბოლო სატრანსფერო ფანჯრის ჩათვლით, სახელფასო დავალიანების გამო, ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.


ახლა, მიმდინარეობს კლუბების ლიცენზირების პროცესი, რომელის ვადაც 15 ოქტომბერს იწურება. ამ დღეს წარედგინება ფინანსური კრიტერიუმებიც. იმ შეთხვევაში, თუ პრობლემები არ მოგვარდება, ეს საერთო ჯამში კლუბზე არა მხოლოდ,  კონკრეტულ მომენტში, არამედ არაა გამორიცხული, სამომავლოდაც ცუდად იმოქმედებს. 




ფედერაციის ჩართულობა


„ტორპედოს" საშველად, დრო ნამდვილად ცოტაა, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, სიტუაციის შველა შეიძლება. ამასობაში კი, როგორც ყოველთვის, გამონაკლისი, არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა და საქმეში, ბოლომდე ჩაუხედავმა და ემოციებს, სრულიად მართებულად აყოლილმა გულშემატკივარმა, დამნაშავის ძებნა დაწყო. პოვნითაც თითქოს იპოვა და ტრადიციულად, „განტევების ვაცი" ფედერაციაში დაინახა. თუმცა, აქ გვინდა მათ ვინც, ხელს ფედერაციისკენ იშვერს, იმედები გავუცრუოთ. ეს კი რამდენიმე მიზეზით გავაკეთოდ.


პირველი - ფედერაცია კლუბს, „ტორპედოს" ისედაც ეხმარება. ეს არ არის თანხა, რომელსაც „ტორპედო" ფეხბურთს განვითარების ფონდიდან, ან სხვადასხვა ტურნირებიდან შემოსული სოლიდარული დაფინასების პრინციპით იღებს. იმისთვის, რომ ქუთაისში იყოს ფეხბურთი, სტადიონი (რ. შენგელიას სახელობის სტადიონი), რომელზეც „ტორპედო" თამაშობს იმ სტადიონების ნუსხაში მოხვდა, რომელებსაც რეაბილიტაცია უტარდებათ. TSFF.GE-სთვის არსებული ინფორმაციით, კონკრეტული მომენტისთვის ფედერაციამ ამ საქმეში თავის წილი შეასრულდა და მინდვრის საფარი გამოცვალა. ახლა ჯერი ტრიბუნებზე და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გამართვაზეა, რომელიც ადგილობრივი მერიის გასაკეთებელია.


მეორე - ფედერაცია, კლუბში არსებული პრობლემების შექმნის დღიდან ცდილობს, „ტორპედო" არ დატოვოს. გემახსოვრებათ, ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრები სხვადასხვა რგოლთან, მათ შორის გულშემატკივართან.


მესამე - პრობლემის დაწყების დღიდან, ფედერაცია, „ტორპედოს" უკვე დაეხმარება ყველაფერში რაშიც შეეძლო დახმარება და ამას, კლუბშიც ადასტურებენ. თუნდაც, ის ფაქტი, რომ ქუთაისური კლუბი, ბოლო ტურამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თამაშებზე ჩასვლას და თამაშს ახერხებს, ესეც ფედერაციის დახმარებით ხდება. მიუხედავად ამისა, ეს გამონაკლისი, იმედია არ გახდება არაყაირათიანი კლუბებისთვის „წახალისების" მაგალითი და ელემენტარულად, ფედერაციის კარზე არ დადგებოდა მფლობელის მიერ „გადაგდებულ" გუნდთა მთელი არმია. სამწუხაროდ, გვწყინს თუ არა, ეს ქართული რეალობაა და თუ გულზე ხელს დავიდებთ და საკუთარ თავს გამოვუტყდებით, ეს გარდაუვალი იქნებოდა. მსგავსი მიდგომით კი, საერთო ჯამში, ქართულ ფეხბურთი დაზარალდება, რადგან ფედერაციის მოვალეობა, ერთი რომელიმე, ან თუნდაც რამდენიმე კლუბის კეთილდღეობა კი არა, ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვაა.


საბედნიეროდ, არიან გამონაკლისებიც. კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად,  ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ  მოეხდინა,  მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა. ისე, აქ, ერთი ჩვენი მოსაზრება, რომელიც ადრეც დავწერეთ გვინდა შეგახსენოთ - მსოფლიოში მიღებულია, კლუბში ინვესტიციების ჩადება, რიგითი გულშემატკივრის მხრიდან. რა თქმა უნდა მსგავსი აქტივობით, ერთ ან 10 წელში „სასახლეს" ვერ ააშენებ, მაგრამ ნელ-ნელა შეიქმნება პრეცედენტი კლუბის ახლებური, ქართული რეალობისთვის უცხო მმართველობითი სისტემის, რაც ჩვენი აზრით, არა მხოლოდ „ტორპედოს", არამედ თუკი მსგავსი რამ საქართველოში დაინერგა, სამომავლოდ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ სხვა კლუბებსაც გაუმართავს ხელს.