ნავსი არ გატყდა - ირლანდიას კვლავ ვერ მოვუგეთ
ნავსი არ გატყდა - ირლანდიას კვლავ ვერ მოვუგეთ
12.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, „დინამო არენაზე", სადაც ირლანდიის სტადიონზე უფრო გეგონებოდა თავი, ვიდრე საქართველოში, ნავსი ვერც ამ ჯერზე გატყდა. მიუხედავად, იმისა, რომ რამდენიმე ეპიზოდის გარდა, სადაც ერთხელ ძელმა გვიხსნა (მე-3 წუთზე სტანდარტულის შემდეგ შეინ დაფი თავურის შემდეგ, საქართველოს კარი ძელმა იხსნა), რამდენჯერმე სტუმრებმა ააცილეს და 2-ჯერ გიორგი ლორია იყო ადგილზე, საქართველოს ნაკრები სათამაშო უპირატესობას ფლობდა.  ამ დღეს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოახერხა, რომ ე.წ მატჩის დასაწყისში გარდამავალი უპირატესობა, თუნდაც ბურთის ფლობისა და ტერიტორიულ უპირატესობაში გადაეზარდა. უბრალოდ, ფაქტი ჯიუტია - კარში არ დაგვირტყამს.




„ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი თამაში ვიხილეთ მიუხედავად იმისა, რომ გოლები არ გასულა. საკმაოდ რთულია ირლანდიის წინააღმდეგ და როგორც გუშინ აღვნიშნე, შეინ დაფი მათ რიგებში გამორჩეული იყო. მთლიანობაში კარგი მატჩი იყო, განსაკუთრებული საგოლე მომენტების გარეშე. ვფიქრობ, ფეხბურთელები 100-110%-ით დაიხარჯნენ. მიმაჩნია, რომ შედეგით ირლანდიაც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან შევამჩნიეთ, რომ ბოლოსკენ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდნენ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.




ტაიმების მიხედვით, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდს მეტოქისთვის არაფერი დაუთმია და რიგ ეპიზოდებში უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გოლი ისევე ვერ გაიტანა, როგორც ირლანდიამ.  




„ჩვენთვის ნამდვილად მოპოვებული ქულაა. მართალია, რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, ძელსაც გავარტყით ბურთი, მაგრამ საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი არ მიგვიღია და ჩვენს მეკარეს თამაშში ჩართვა არ მოუწია. მთლიანობაში, საქართველოსთან წინასწარ რომ შემოეთავაზებინათ 4 ქულა, კმაყოფილი ვიქნებოდი და დავთანხმებოდი", - ამბობს მიკ მაკარტი, ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.




ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. თურქული "ქონიასპორის" შემტევი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. მან გიორგი ქვილითაია შეცვალა. „შენგელამ" მშობლიურ დინამო არენაზე, ირლანდიელთა კარის მიმართულებით ერთხელ სცადა კიდეც დაერტყა, თუმცა, ჩვენი ვებ-გვერდის აზრით, მას ნაკრების ამპლუაში დებიუტანტის როლში, ადაპტაციისთვის უბრალოდ დრო არ ეყო.




„საბა ლობჟანიძეს რაც შეეხება, თავდაპირველად ლევან შენგელიასა და ელგუჯა ლობჯანიძის გამოყვანა ვამჯობინე, ბოლოს კი, კიტეიშვილმა მცირე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გიორგი აბუჯანიას შეყვანა მომიწია. საბა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დღეს ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. გიბრალტარში კიტეიშვილი გუნდთან ერთად იქნება, რაც შეეხება გვილიას, ის მომდევნო მატჩს გამოტოვებს", - ამბობს ვაისი.




საბოლოოდ, დინამო არენაზე, ისევე როგორც დანიის ეროვნულთან, ამჯერადაც, ჯგუფის ლიდერთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე  0-0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშის შეფასებისას, ვიტყვით, რომ საერთო ჯამში, 10-ბალიანი სისტემიდან, გუნდმა 7 დააგროვა. ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, ნელ-ნელა საკუთარი თამაშის რეჟიმში ბრუნდება თორნიკე ორქიაშვილი. თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს ჯიმი ტაბიძე. ტრადიციულად ბოლო სანაკრებო თამაშებში უკონკურენტოა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.




საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი გიბრალტარში 13 ოქტომბერს ჩარტერული რეისით გაფრინდება.


ექვსი ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხუთი ქულა აქვს.





მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციებიდან ამონარიდი:

ვლადიმირ ვაისი

„გვილიას განაცხადში არყოფნის მიზეზი კი, ტრავმაა. კუნთის პრობლემა ჰქონდა და დღევანდელი მატჩისთვის მზად არ იყო. რა დაგვაკლდა მოსაგებად? ცხადია, გოლი. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც გვაკლია, ვერ ვთამაშობთ აგრესიულად და ეს მთავარი პრობლემაა.

ირლანდიის ნაკრებში ძალიან კარგი მწვრთნელი მარტინ ონილი, ასევე კარგმა სპეციალისტმა მიკ მაკარტიმ ჩაანაცვლა და ძალიან კარგი ნაკრები გყავთ. გისურვებთ წარმატებას დარჩენილ ორ ტურში მიუხედავად იმისა, რომ რთული მატჩები გელოდებათ".


მიკ მაკარტი

„შეიძლება ეს ორი ქულა ძვირად დაგვიჯდეს, მაგრამ ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც თავისუფლადმ წნეხის გარეშე თამაშობდა, რადგან ერთა ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს. ჩვენს გუნდში უფრო დიდი წნეხი იყო, რადგან თითოეული თამაშ მნიშნვნელოვანია.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, განსაკუთრებით ბურთის ფლობის მხრივ, მაგრამ გოლი ისევ არ გავუშვით, დაცვაში კვლავ გამართულად ვითამაშეთ საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ვერ ვიტყოდი, რომ შედეგით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ".



თამარ ჯიშკარიანის ფოტოები