
შენგელიას ორმაგი დუბლი და მოსკოვში ბრძოლაში განცდილი მარცხი
თორნიკე შენგელიას ჩინებული თამაშის მიუხედავად, ბასკონიამ მოსკოვში დასანანი მარცხი განიცადა. ევროლიგის მე-2 ტურის მატჩი ბასკონიელებმა მოსკოვში გამართეს და ხიმკისთან 3 ქულით, 76:79 წააგეს. მოსკოველებმა პირველ პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რისი შემცირებას სტუმრებმა მეორე პერიოდში მოახერხეს, თუმცა მატჩი მაინც ვერ გადაარჩინეს.
ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა 30:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულას, 10 მოხსნასა და 3 გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო - მან ბურთი 4-ჯერ შეტევაში და 6-ჯერ დაცვაში მოხსნა.
საქართველოს მოქალაქეობის მქონე კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. ჯენინგმა 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. გამარჯვებულებს 21 ქულითა და 8 პასით ალექსეი შვედმა ულიდერა.
შენგელიას ბასკონია მომდევნო ტურში, 17 ოქტომბერს, სტუმრად ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდება.

შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა, და MVP-ის ტიტული მონბუსთან მოგებულ შეხვედრაში
გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესოა. ქართველ ფორვარდს ქებული გარჯა ამჯერად მოგებით დაუფასდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მისმა იბეროსტარმა მონბუს ობრადორიოს ტენერიფეში უმასპინძლა და 90:78 სძლია. მე-3 პერიოდის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო და ის 12-ქულიანი უპირატესობა, რითაც ტენერიფელებმა საბოლოოდ იმარჯვეს, იბეროსტარმა ბოლო ათწუთეულში მოიპოვა.
ქართველი ლეგიონერი მატჩის MVP გახდა. შერმადინმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა მოედანზე 25:47 წუთი გაატარა და 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს 5 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მატჩში უმეტესი სარგებლიანობის ინდექსი - 23 გაეფორმებინა და MVP-ის ტიტულს დაპატრონებოდა. ქართველ ცენტრს მხარი აუბეს საშუ სალინმა (13 ქულა) და მარსელინიო ჰუერტასმა (14).
4 მატჩიდან 2 მოგებით ტენერიფე მე-8 ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში, 20 ოქტომბერს, სტუმრად მანრესას შეხვდება.





ჩვენ








