
ხვალ, 26 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით მატჩს გამართავს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, 12 სექტემბერს ქალაქ დევაში რუმინეთთან ფრედ, 2:2 დასრულდა. პლეიოფის პირველი მატჩი, ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ გამოტოვა. უშუალოდ, მატჩის მიმდინარეობისას კი ტრავმა გიორგი ნიშნიანიძემ მიიღო, რომელიც ხვალინდელ თამაშსაც გამოტოვებს. კუპატაძემ კი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე) დღეს, გუნდთან ერთად ივარჯიშა.
„შანსები ყოველთვის ძალიან დიდია. საბრძოლველად 100%-ით მზად ვართ. წინასწარ არ მიყვარს პროგნოზების კეთება თუ რა როგორ იქნება, თუმცა ვიცით, რომ გავალთ ყველაფერს დავდებთ, რომ მოვიგოთ. ეს რა შედეგს გამოიღებს თამაშის შემდეგ გეტყვით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ.გულშემატკივარს ყოველთვის ვეუბნებოდი - მოდით, ნახეთ რა გუნდი ვართ. მოვიდნენ და ნახეს რა გუნდიც ვართ. ამ ბოლო ეტაპზე, რომ გვერდში არ დაგვიდგეთ, ეს ღალატის ტოლფასია, ღალატი კი არ არის კარგი საქციელი", - ამბობს ზვიად კუპატაძე.
ავთანდილ ასათიანის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურამდე ერთი მატჩი აშორებს, რომელიც ხვალ თბილისში, 20:30 დაიწყება. ნაკრების ბოლო ვარჯიშზე, ავთანდილ იოსელიანის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ივარჯიშა: მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი); წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).
"შეძლებისდაგვარად, მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის. კარგი განწყობით ვხვდებით. ვფიქრობ, ყველაფერი თავიდან იწყება. შანსებ 50/50-ზეა. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია, რაც გამოჩნდა წინა თამაშშიც. პირველი მატჩის მერე ძალიან ბევრჯერ ვნახეთ ჩანაწერი ფეხბურთელებთან ერთად, ყველაფერი დაწვრილებით განვიხილეთ და ჩვენი დიდი სურვილია, რომ შეცდომები აღარ განმეორდეს. მოთამაშეები გავაფრთხილე და ჩვენი პლიუსები რაც არის, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ" - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები, ხვალ წარმატებული შედეგის შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, პირველად იასპარეზებს. რუმინეთთან ფლეი-ოფამდე, ქართველმა სპორტსმენებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს. 2017 წელს გამართული შვიდი ოფიციალური მატჩიდან, ჩვენმა გუნდმა სამი მოიგო, ოთხი კი ფრედ დაასრულა. ფლეი-ოფში საქართველო-რუმინეთს შორის გამარჯვებული ნაკრები სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
იხილეთ ვიდეო





ჩვენ








