ტატა მატვეევა ესპანური პრიმერას ტურის სიმბოლურში
ტატა მატვეევა ესპანური პრიმერას ტურის სიმბოლურში
14.10.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტატა მატვეევას „ტენერიფემ" პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურის მატჩში სტუმრად Madrid CFF-ს  1-3 სძლია.


აღსანიშნავია, რომ თამაშში გადამწყვეტი 2 ბურთი სწორედ ტატამ გაიტანა და „ტენერიფეს" სეზონის პირველი გამარჯვება მოუტანა.


თამაში საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. შევედრის მე-9 წუთზე კი, მადრიდელები ლაურა ფერნანდესის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, „ტენერიფელებმა", სულ რაღაც 5 წუთში გათანაბრება, ხოლო საბოლოო ჯამში ტატას დუბლით, რომელიც თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, მოგება შეძლეს.




სასიხარულო ფაქტია ისიც, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე-5 ტურის საუკეთესო 11-ეულშიც დაასახელეს.


TSFF-ი  ტატა მატვეევას დაუკავშირდა და კონკრეტული თამაშისა და მისთვის ახალი საფეხბურთო ქვეყნის შესახებ კომენტარი სთხოვა:


„ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით და ჩემს მიერ, 8 წუთში გატანილი 2 გოლით. ტრავმის შედეგად დიდი პაუზა მქონდა და ასეთი დაბრუნება ძალიან მახარებს. იმედია, ასე გავაგრძელებ", -  ამბობს ტატა.




მოგეხსენებათ ტატა, ესპანეთის პრიმერაში გადასვლამდე ნორვეგიულ, ხოლო მანამდე თურქულ ლიგებშიც თამაშობდა. შესაბამისად, მას, სამივე ჩემპიონატის შედარება ვთხოვეთ:

„ნორვეგიული ფეხბურთი უფრო ფიზიკურობით, მაღალი ტემპით და ხისტი თამაშით გამოირჩევა და საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია. თუმცა რა თქმა უნდა არც ესპანური პრიმერა ჩამოუვარდება. მეტიც, აქ, უფრო ტექნიკური თამაში მიდის და მეტად „აგორებენ ბურთს". შესაბამისად, ეს, ძალიან ჯდება ჩემ სტილში. თამაშისას, მეტ სიამოვნებას ვიღებ და ვთვლი, რომ ესპანეთი „ჩემი ქვეყანაა", იმისთვის, რომ  კარიერულად წინ წავიდე. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები თურქეთს უკავშირდება, ამ ორ ჩემპიონატთან, თურქული ჩემპიონატის შედარება გამიჭირდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ წლიდან წლამდე იქაც იმატებს დონე", - ამბობს ტატა მატვეევა.