2017 წლის ბოლომდე საქართველოში საკალათბურთო ფედერაციის არჩევნები უნდა გაიმართოს
2017 წლის ბოლომდე საქართველოში საკალათბურთო ფედერაციის არჩევნები უნდა გაიმართოს
26.09.2017
ავტორი:


წლის ბოლომდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციის დებულებით ასეა განსაზღვრული. მომავალ არჩევნებში, ასევე სავარაუდოდ, ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელიც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, ამ ეტაპზე, ერთად-ერთი ვინც ხმამაღლა განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აყენებს შიო ხეცურიანია.

არც თუ შორეულ წარსულში თავად კალათბურთელმა,  საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს მართავს და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიას აცნობს.

სულ ბოლოს, ხეცურიანი და მისი თანამოაზრეე ვეტერანი კალათბურთელები (მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი, რომლის პრეზიდენტიც გიორგი ცინცაძეა, წევრები კი ეროვნული ნაკრების, სუპერიგისა და ა-ლიგის მოთამაშეები) სუპერლიგის მოთამაშეებს შეხვდნენ.  შეხვედრისასა, რამდენიმე საინტერესო ინიციატივა გამოიკვეთა. ერთ-ერთი, სუპერლიგის ყველა მოთამაშის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელის შესახებაც დისკუსია გაიმართა, სუპერლიგის კლუბების მოთამაშეებთან საკონტრაქტო ურთიერთობაა. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, მოთამაშეების უმრავლესობას კლუბებთან ერთწლიანი კონტრაქტები აკავშირებს. მოთამაშეთა გაერთიანების კავშირს კი სურს, რომ გუნდებმა, მათ განკარგულებაში არსებული მოთამაშეების მინიმუმ 30%-ს, ორი  ან მეტწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.

ცოტა ხნის წინ, კალათბურთის ფედერაციამ რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ჩემპიონატში ლეგიონერების ლიმიტი გაუზარდა კლუბებს. მოქმედი რეგულაციით, სუპერლიგის გუნდს აქვს უფლება შეიყვანოს განაცხადში 5 და მოედანზე გაიყვანოს 4 ლეგიონერი. კალათბურთელები ითხოვდნენ ამ მოცემულობის 4/3-ზე გადაყვანას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ხელს უშლის ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების პროგრესს. შიო ხეცურიანი, აღნიშნულ თემასთან საკუთარ პოზიციაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ არსებობს  შუალედური ვარიანტიც:  5 ლეგიონერი განაცხადში , თუმცა მოედანზე მხოლოდ 3, რაც უფრო მოქნილი და მისაღებია.

TSFF.GE-სთან საუბარში, შიო ხეცურიანმა, ყურადღება კიდევ რამდენიმე დეტალზე გაგვიმახვილა, კერძოდ, ბავშვთა და ქალთა კალათბურთში არსებულ პრობლემებზე, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადებაზე, კალათბურთის განვითარებასა და მხარდაჭერაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, არსებული ინფრაქსტრუქტურის გამართვაზე და ა.შ.

შეგახსენებთ, კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 2017 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ამ წუთისთვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოფიციალურად მხოლოდ შიო ხეცურიანს აქვს გამოთქმული.